ევროკავშირში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე მსჯელობა დაიწყო

ევროკავშირი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საკითხის განხილვა ამ წუთებში მიმდინარეობს.

თავდაპირველად ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მსჯელობის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერლაიენი, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები. თუმცა ამ პრესკონფერენციის ანონსი ამ ეტაპზე საიტზე აღარ იძებნება.

ევროკავშირის საბჭოში საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიში და რეკომენდაციები გაგზავნილია.

დღეს ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ითხოვს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას და ძლიერი პოლიტიკური სიგნალი გაეგზავნოთ ევროპული პერსპექტივის სახით საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას.