"იქნებ იმ დროისთვის ევროკავშირი გაქრეს კიდეც?!" - მედვედევი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს

მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ვარაუდობს, რომ ევროკავშირი მანამ დაიშლება, სანამ მის შემადგენლობაში უკრაინა შევა. 

ამ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

რუსეთის ექსპრეზიდენტი და ამჟამად, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თვლის, რომ სიტუაცია ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირში კომუნიზმის შენებას ჰგავს.

„შემდგომში ისე იქნება, როგორც კომუნიზმის შენება. თარიღი ჯერ არ დასახელებულა, სამაგიეროდ ბევრი შეუმოწმებელი აბსტრაქტული პირობაა ჩამოთვლილი. მათი ობიექტური ვერიფიკაცია შეუძლებელია. მათ ათწლეულების მანძილზე შეამოწმებენ. თანაც, ევროკავშირის ხელმძღვანელთა ახალი თაობები.

შესაბამისად, რეალური ვადა – ასწლეულის შუა პერიოდია. უფრო ადრე არა, მაგრამ ხომ შეიძლება საბჭოთა კავშირის ბედი გამეორდეს?! კომუნიზმი იქნებ დამდგარიყო კიდევაც, თავად საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, მაგრამ სამწუხაროდ კავშირი მოკვდა.

ხვდებით, რას მივანიშნებ? (ხეზე ვაკაკუნებ) და იქნებ იმ დროისთვის ევროკავშირი გაქრეს კიდეც?! წარმოდგენისაც კი მეშინია, რა სკანდალი იქნება – ევროკავშირში შესასვლელად ხომ ამხელა მსხვერპლი გაიღეს და რამხელა იმედგაცრუება ელით უბედურ უკრაინელებს. “– წერს მედვედევი.