„ეს ეთერი იქნება კიდევ ერთი ნათელი დასტური და მაგალითი ქართული საზოგადოებისთვის, თუ რაოდენ უარგუმენტო ოპოზიცია გვყავს ქვეყანაში“ - ვახტანგ ჩოჩია საჯარო დისკუსიის შესახებ

ვახტანგ ჩოჩია

„ეს ეთერი იქნება კიდევ ერთი ნათელი დასტური და მაგალითი ქართული საზოგადოებისთვის, თუ რაოდენ უარგუმენტო ოპოზიცია გვყავს ქვეყანაში,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ ჩოჩიამ იმ დისკუსიის შესახებ განაცხადა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უნდა შედგეს.

ჩოჩია აცხადებს, რომ დროა, ქართული პოლიტიკის განხილვამ “კულუარებიდან და კაბინეტებიდან“ სატელევიზიო ეთერში გადაინაცვლოს და პროცესი საჯარო გახდეს.

“პრემიერმა მოუწოდა ოპოზიციას, რომ ისინი დასხდნენ მაგიდასთან და განხილვის პროცესმა ქუჩიდან სატელევიზიო ეთერში გადაინაცვლოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს კულუარებში და კაბინეტებში ქართული პოლიტიკის განხილვა და ეს უნდა გახდეს საჯარო პროცესი.

თუ ვინმეს აქვს რაიმე კონკრეტული არგუმენტი აქციების რეალურ მიზეზთან დაკავშირებით, ეს უნდა თქვან ქართული საზოგადოების წინაშე ღია ეთერში. ეს ეთერი იქნება კიდევ ერთი ნათელი დასტური და მაგალითი ქართული საზოგადოებისთვის, თუ რაოდენ უარგუმენტო ოპოზიცია გვყავს ქვეყანაში," - აცხადებს ვახტანგ ჩოჩია.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილების შესახებ საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ყოფილი თანაგუნდელების - თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი - თინათინ ხიდაშელისა და მიხეილ ჯანელიძის პირისპირ.

დებატების ეს ფორმა ხიდაშელმა მოითხოვა, რასაც წინ უძღოდა ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც ოპონენტებს ღია ეთერში დისკუსია თავად შესთავაზა. დებატები დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, 22:00 საათზე დაიწყება.