"ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი - ე.წ. წალეკვა" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

თავმჯდომარე

"მათი დღის წესრიგია ქვეყნის წალეკვა, მათი წასალეკი ქვეყანა საქართველო არ არის", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ერთადერთი, ვინც გაერთიანდნენ, ესენი არიან ბაკურიანის შეხვედრის მონაწილეები: „ნაციონალური მოძრაობა“, მისი კუთვნილი ენჯეოები და კუთვნილი მედია საშუალებები. ეს არის შულავერის კომიტეტი, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის ე.წ. წალეკვა, რასაც რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია. მათი წასალეკი ქვეყანა საქართველო არ არის. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, განვითარება, ეს არის ჩვენი დღის წესრიგი. მათი დღის წესრიგი არის წალეკვა. ეს არის პოლარიზაციის დღის წესრიგი და ისინი [რადიკალური ოპოზიცია] პირდაპირ არღვევენ პირველ პუნქტს, რომელიც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩადებული“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა მოამზადა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეკომენდაციას უწევეს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.