გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ქვეყნის განვითარება და ღირსებით ევროინტეგრაცია – სწორედ ეს არის ის მთავარი დაპირება, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარ ამომრჩეველს მისცა და რასაც აუცილებლად შევასრულებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც იმ გეგმის ნაწილია, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ – მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისთვის; ემზადებოდა არეულობის მოსაწყობად, ქაოსისთვის, ქვეყნის ასაყირავებლად, რასაც ბოლო ორი წელია უცხოური ძალების დაფინანსებით, მათ მიერ დაგეგმილი ტრენინგებით ამზადებდნენ. ამ ყველაფერზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით.
რასაკვირველია, ხელისუფლება მზად იყო ამ სცენარისთვის. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობთ მოსახლეობასთან მიმდინარე პროცესებზე. ამის შესახებ არაერთი განცხადებაც გავაკეთეთ. ასე რომ, რადიკალური ოპოზიციის და მათი დამკვეთების გეგმები და მიზნები ცხადი და ნათელია.
რაც შეეხება იმ ახალგაზრდების პროტესტს, რომლებიც რადიკალების მიერ მართული ტელევიზიების, არასამთავრობო სექტორის პროპაგანდის გამო აღმოჩდნენ საპროტესტო აქციებზე, მე არ ვსაუბრობ კონკრეტული პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებზე, არასამთავრობო სექტორზე, ექსტრემისტული დაჯგუფებების წევრებზე, არამედ მოქალაქეებზე, მინდა, მივმართო მათ: ყველა პროცესი დევს ხელისგულზე, დღეს არაფერი არ არის დაფარული და მიჩქმალული. თავად მოიძიეთ ყველა ინფორმაცია, გააკეთეთ დასკვნები, ნუ გამოაყენებინებთ თავს უცხო ინტერესებზე მორგებულ რადიკალებს, რომელთა მიზანიც ქვეყნის დაზიანება და თქვენი მომავლის ხელში ჩაგდებაა, რომ საქართველო გამოყენებულ იქნას მათი ინტერესების გასატარებლად.
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაიცავს ქვეყნის და მოსახლეობის ინტერესებს. არავის მივცემთ იმის უფლებას, საქართველო გამოიყენოს იმისთვის, რომ აქ გაჩაღდეს მეორე ფრონტი, განადგურდეს ქვეყნის ეკონომიკა. ქვეყნის განვითარება და ღირსებით ევროინტეგრაცია – სწორედ ესაა ის მთავარი დაპირება, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საკუთარ ამომრჩეველს მისცა და რასაც აუცილებლად შევასრულებთ.
მეგობრებო, დავსვათ კითხვა რას ვაპროტესტებთ? მოდი, მივყვეთ ფაქტებს: შარშან, ერთ-ერთ ფორუმზე გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოება 2030 წლამდე არ იგეგმება. აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი არ შეიძლება გამუდმებით გამოიყენებოდეს შანტაჟის ინსტრუმენტად. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის ეს დამოკიდებულება. ჩვენ ღირსეული ხალხი ვართ, ყველაფერს ვაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველო, რა თქმა უნდა, იმსახურებს წინსვლას და თუნდაც, მოლაპარაკებების გახსნას.
მინდა, ცოტა უკან დავბრუნდე და გავიხსენოთ, რა ხდებოდა კანდიდატის სტატუსის მოცემა-არმოცემასთან დაკავშირებით. მაშინაც, მთელი ერთი წლის განმავლობაში, გვაშანტაჟებდნენ კანდიდატის სტატუსით და საზოგადოებას პირდაპირ ეუბნებოდნენ, თქვენ კარგი ხალხი ხართ, იმსახურებთ ევროპულ მომავალს, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. ჰქონდათ მცდელობა, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება, პოლარიზაციის გაღრმავება, ხალხის დაპირისპირება, მაგრამ არ გამოუვიდათ – კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში. იმიტომ, რომ ხალხი ყველაფერს მიხვდა, თუ რა ხდებოდა და რა პროცესები მიმდინარეობდა.
ახლაც იგივე ხდება – მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნასთან დაკავშირებით. მაშინ, კანდიდატის სტატუსი რომ არ მოგვცეს და მისცეს იმ ქვეყნებს, ვისთან მიმართებაშიც გაცილებით წინ ვიყავით ყველა კრიტერიუმით, ყველა პარამეტრით, განხორციელებული რეფორმებით. მოლდოვა რომ ავიღოთ, აღარ დავიწყებ იმის განხილვას, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში – არჩევნები ჩატარდა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მემგონი ნახევარმა, უთხრა არა ევროპულ მომავალს. ქვეყანას, რომელიც არის დსთ-ს წევრი, მისცეს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს უთხრეს – არა; გაუხსნეს მოლაპარაკებები, საქართველოს უთხრეს – არა; საქართველოს, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა ევროპულ მომავალს და სურვილი აქვს ევროინტეგრაციის. რასთან გვაქვს მაშინ საქმე? რა ხდება? რატომ ხდება ამ ყველაფრით სპეკულირება და პროცესების ამ ვითარებაში გადაყვანა? ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი და ნათელია.
კიდევ ერთელ მინდა, ყველამ გაიგოს, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, ჩვენ არავითარ შემთხვევაში, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქვეყანა გამოიყენონ სხვა ქვეყნის ინტერესების გასატარებლად.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, მზად ვართ ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს, შემდეგი ეტაპი განხორციელდეს, ვასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას. თუ ამ მზაობის ევროპულ სტრუქტურებს არ სჯერა, დადონ მაშინ დოკუმენტი, კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ მოლაპარაკებების გახსნაზე, რასაც საქართველო იმსახურებს. დადეთ დოკუმენტი, ნახეთ მოვაწერთ თუ არა ხელს.
ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ არა სიტყვით, არამედ საქმით – სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადადგა საქართველომ ყველაზე ქმედითი და წარმატებული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით – ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კონსტუტუციის 78-ე მუხლის ჩანაწერით განამტკიცა.
თუ მათ მართლა გულწრფელად უნდათ საქართველოს ევროინტეგრაცია და ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება, ევროპული სტრუქტურების ხელშია ამის გასაღები. გამოდით ბატონებო და მიიღეთ გადაწყვეტილება. ასე რომ, საპროტესტო აქციებზე გამოსულ მოქალაქეებს მივმართავ: არა ქვეყნის აყირავების, არამედ ქვეყნის განვითარების სურვილით უნდა გავერთიანდეთ და ერთად მოვითხოვოთ მოლაპარაკებების გახსნა და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს დასავლეთმა და არა საქართველოს მთავრობამ. არარსებული პროტესტის ნაცვლად, მოდით, გამოვხატოთ პროტესტი სწორედ ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება აქციების მიმდინარეობის ფორმებს და სამართალდამცავების მხრიდან ვითომდა არაპროპორციული ძალის გამოყენების საკითხს, ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ ძალადობრივ აქციებს. რაც ყველაზე მძიმე სანახავია, ვხედავთ, როგორ იყენებენ რადიკალები ფარად არასრულწლოვნებს, პატარა ბავშვებს. ოპოზიციური არხები სიამაყით აშუქებენ 10-12 წლის ბავშვების კომენტარებს, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალზე მსჯელობენ. ალბათ ნახეთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეომასალები, სადაც პატარა ბავშვები ქვებს, „მოლოტოვის კოქტეილებს“ და პიროტექნიკას ესვრიან სამართალდამცავებს.
რასაკვირველია, დაზიანებული ინფრასტრუქტურა აღდგება-მოწესრიგდება, ფასადები გასუფთავდება, მაგრამ რა დაილექება იმ პატარების ცნობიერებაში, რომლებიც ამ ყველაფრის იარაღად აქციეს?
მივმართავ ჩვენს მართლაც საამაყო პოლიციელებს, თქვენ ეს დღეები ნათლად აჩვენეთ სამართალდამცავის ღირსება და იმიჯი. მადლობას გიხდით მოთმინებისთვის, იმ შეურაცხყოფის ატანისთვის, რასაც გაყენებენ; კარგად გაქვთ გაცნობიერებული, რომ ნებისმიერმა გადაცდომამ და წყობიდან გამოსვლამ შეიძლება რადიკალების წისქვილზე დაასხას წყალი და გამოუსწორებელი შედეგი დააყენოს. იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოკვლევას.
რადიკალების ხელწერა იყო და რჩება საზოგადოების ბულინგი, ყველა იმ ადამიანის ბულინგი და შეურაცხყოფა, ვინც მათ ავანტიურისტულ იდეებს არ იზიარებს. სოციალურ ქსელებში დაფინანსებული ფეიჯებით ორგანიზდება მივარდნა, ლანძღვა-გინება მათთვის არასასურველი ყველა პირის მიმართ, ვისაც განსხვავებული მოსაზრება აქვს. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი. იგივეს აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. შეიძლება პარტიებად დაიშალნენ, მაგრამ ეს ხალხი, ყველა „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან მოდის.
მეგობრებო, ყველა ეს მცდელობა უსუსურია. დღეს სახელწიფო ინსტიტუტები ისე ძლიერია, როგორც არასდროს. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არის ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეული და მისი ნდობით აღჭურვილი, არ დაუშვებს ქვეყნის ინტერესებისა და მისი მოსახლეობის ინტერესების დაზიანებას. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, მის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ხალხს და მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში.
აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქალაქს, საკუთარ ქვეყანას და თავისი პროფესიონალიზმით ქმნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს.
და ბოლოს, მეგობრებო, ერთად მოვუწოდოთ ევროკავშირის სტრუქტურებს, გახსნან მოლაპარაკებები, დადონ დოკუმენტი, რომელსაც ხელს მოვაწერთ. გვაჩვენონ პარტნიორობა საქმით და არა მხოლოდ ლაპარაკით.
საქმე შანტაჟის ნაცვლად – ეს არის ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.