ენმ-ის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის სამართლებრივი შეფასებისთვის პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის პერსონალური შემადგენლობა ხდება ცნობილი

პარლამენტი

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის სამართლებრივი შეფასებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტშია შექმნილი - დღეს ცნობილი გახდა პერსონალური შემადგენლობა.

ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" კომისიაში თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური და პაატა სალია წარადგინა.

ოპოზიციის სტატუსით არიან წარდგენილი "ხალხის ძალის" წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი, ხოლო "ევროპელი სოციალისტებიდან" - ილია ინჯია.

საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, 10 წევრით არის განსაზღვრული. ორი ადგილი ვაკანტურად რჩება და ის განკუთვნილია პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრებისთვის. აღნიშნულმა კომისიამ ექვსი თვე უნდა იმუშაოს - მომზადებული დასკვნა ასევე პროკურატურაში გაიგზავნება.

"ცნობად ვიღებთ ფრაქცია "ქართული ოცნების“ მომართვას 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში, ფრაქციის წევრების თეა წულუკიანის, ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და პაატა სალიას წარდგენის შესახებ. "ხალხის ძალიდან“ წარდგენილი არიან სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი; „ევროპელი სოციალისტებიდან“ წარდგენილი არის ბატონი ილია ინჯია.

როგორც იცით, კომისია შედგება 10 წევრისგან, ამით 8 წევრი არის შევსებული, 2 წევრი ვაკანტურად დატოვებული არის უფრაქციო წევრებისთვის. ამ შემთხვევაში პარტია "საქართველოსთვის“, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატებს ინარჩუნებს. ისინი თუ აქტიურად იმუშავებენ პარლამენტში, მათ შეეძლებათ ამ ვაკანსიის ათვისება“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.