EMAAR ჯგუფმა სერბეთშიც დაიწყო პროექტი და იქაური ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ, ახლა ყიდულობენ ბინებს EMAAR-ის კორპუსებში, ასე მოხდება ჩვენთანაც - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

EMAAR ჯგუფმა სერბეთშიც დაიწყო საქართველოს მსგავსი პროექტი და იქაც ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა ოპოზიციის მხრიდან, როგორც ჩვენთან, რადგან იქაც და აქაც რადიკალებს ჰყავთ ერთი და იგივე პატრონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც 6 მლრდ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს შეეხებოდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანია, შექმნას ნიჰილიზმი და რაიმე სახის დაბრკოლება, რასაც ვერ მიაღწევს.

„ამაზე ჩვენს არაბ პარტნიორებს ეცინებათ. მათ გაიხსენეს სერბეთის მაგალითი, სერბეთშიც დაიწყეს მსგავსი პროექტი დაახლოებით 6-7 წლის წინ და ის პროექტიც სრულად განხორციელდა. როდესაც ეს პროექტი დაიწყო, ზუსტად იგივე განცხადებები კეთდებოდა იქაური ოპოზიციის მხრიდან. რეალურად, იმიტომ არის ეს მსგავსება, რომ იქაც და აქაც ამ რადიკალებს ჰყავთ ერთი და იგივე პატრონი და მათი ერთადერთი ამოცანა არის, რომ რამენაირად შექმნან ნიჰილიზმი, შექმნან რაიმე დაბრკოლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევენ. საინტერესო დეტალი, რაც გვითხრეს, ის ოპოზიციონერები, რომლებიც სკეპტიკურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ სერბეთში პროექტის მიმართ, ახლა ყიდულობენ ბინებს EMAAR-ის მიერ აშენებულ კორპუსებში. მე მგონი, ასე მოხდება ჩვენთანაც. ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროს რადიკალურმა ოპოზიციამ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.