დიპლომატების მხრიდან ყოველთვის იყო მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სანქციებს არ შევუერთდით - კალაძე

კახა კალაძე

დიპლომატების მხრიდან ყოველთვის იყო მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სანქციებს არ შევუერთდით, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების დემარშს.

როგორც მან მედიასთან თემის კომენტირებისას აღნიშნა, ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

„საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთთან დაახლოებასთან? ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ჩვეულებრივი სახმელეთო მიმოსვლაა შესაძლებელი, ანდა ერევნის გავლით ფრენები, რა პრობლემაა, თუ პირდაპირი ფრენა იქნება. ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას ის, თუ საქართველოს მოქალაქე, ქართული პასპორტით, ვიზის გარეშე შეძლებს რუსეთის ფედერაციაში გადაადგილებას? ვიღაცას შეიძლება, ჰქონდეს სურვილი, წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება ატარებს ქვეყნის ინტერესს და არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება.

„რაც შეეხება დიპლომატებს, ყოველთვის იყო პირდაპირი მოწოდებები, რომ საქართველო შეერთებოდა სანქციებს. ჩვენ აბსოლუტურად ღიად, ყოველგვარი დამალვის გარეშე, ვთქვით, რომ სანქციებს არ და ვერ შევუერთდებით და ამას აქვს თავისი ახსნა. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესს ვატარებთ. არ გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოსთვის და ჩვენი მოსახლეობისთვის დამაზიანებელი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გუშინ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „საქართველოს ვიცე-პრემიერს გადავეცი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნისგან, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“.