გურამ მაჭარაშვილი: მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს

გურამ მაჭარაშვილი

მე მინდა საზოგადოებას შევახსენო 2023 წელი, როდესაც „ხალხის ძალამ“ დავაინიციირეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და შემდეგ მივიღეთ „ფარას“ ანალოგიური კანონი საქართველოში ის, რაც მოქმედებს შეერთებულ შტატებში, თუმცა ესეც კი დაიწუნეს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ საზოგადოებისთვის შეხსენებას იმ ფედერალური კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ავალდებულებს ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას, როდესაც ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე უცხოური მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებითა თუ კონტროლით მოქმედებენ.

მისი თქმით, თუ შეერთებულ შტატებს ეს კანონი სჭირდება და ნამდვილად სჭირდება, როგორ სჭირდება ეს საქართველოს, რომელიც არის სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტი.

„თუ შეერთებულ შტატებს ეს კანონი სჭირდება და ნამდვილად სჭირდება, როგორ სჭირდება ეს საქართველოს, რომელიც არის სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქვეყნის ინტერესების გადაკვეთის ობიექტი. ეს კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ნაბიჯები იყო მართალი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „თუ უცხოური მთავრობა ან უცხოური სუბიექტი ფარულად წარმართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან კოორდინაციას უწევს თქვენს საქმიანობას აშშ-ში, შეიძლება ამოქმედდეს გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გამჟღავნების ფედერალური კანონები“.