დიმიტრი ხუნდაძე: ვნახეთ ოპოზიციის ნამოქმედარი, როდესაც ცხელი ბომბების ცვენას ანიჭებდნენ უპირატესობას და ამის გაგრძელებაა დღეს საქართველოს შეთავაზება სათამაშო მოედნად

დიმიტრი ხუნდაძე

ვნახეთ ოპოზიციის ნამოქმედარი, როდესაც ცხელი ბომბების ცვენას ანიჭებდნენ უპირატესობას და ამის გაგრძელებაა დღეს საქართველოს შეთავაზება სათამაშო მოედნად. ეს არის ძალიან სახიფათო განცხადება და სამწუხაროდ, ეს არ არის შემთხვევითი, არ არის შეცდომა, ეს არის ის, რა მიზანსაც ემსახურებიან და რა დავალებასაც ასრულებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას „ხალხის ძალის“ ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას სურს, მთელი საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენოს, რა მდგომარეობაშიც თვითონ არიან, ცალ ფეხზე რომ დგანან.

„დღეს საქართველოს მორჩილებისათვის მიდის ბრძოლა და ამ ბრძოლაში ოპოზიცია ინსტრუმენტად არის გამოყენებული. ოპოზიციას გათვლა არ აქვს, უბრალოდ ისინი ემორჩილებიან იმ დაკვეთებს, რასაც ისინი ზოგჯერ წერილობით იღებენ აკერმანის, მაკკეინის ჯგუფის წევრების მხრიდან და მიჰყვებიან ამ გეგმას. ხშირად ისინი სტუმრობენ დასავლეთიდან, ევროპული სტრუქტურებიდან, პოლიტიკური აუდიტის სახით მათი მომხრე პატრონების წარმომადგენლობას. ჩამოდიან ისინი და რეკომენდაციებს იძლევიან და ხშირად, „მაიდნის“ მოსაწყობად მათ ეხმარებიან, რამეთუ ისინი ხედავენ, რომ ოპოზიციას რესურსი არ აქვს. ოპოზიციას თავად

არავითარი გათვლა და გეგმა არ აქვს, ისინიც თავადაც ხშირად ხელმოცარული გამოდიან ხოლმე საკუთარი მომხრეების წინაშე, როცა სულ ჰპირდებიან, რომ აი ახლა, დღეს, ხვალ, დილას, საღამოს წარადგენენ გეგმას, მაგრამ მათ გეგმა არ აქვთ. ჩვენ ვერ ვიხილეთ გეგმა, მაგრამ საბედნიეროდ ვიხილეთ მათი ნამოქმედარი, რომ მათ სურთ, მთელი საქართველო იმ მდგომარეობაში ჩააყენონ, რა მდგომარეობაშიც თავად არიან, რომ დგანან ცალ ფეხზე. გახსოვთ, ამბობდნენ ევროკავშირს უნდა ემსახუროთო. ძალიან ლოგიკური პასუხი იყო, რომ საქართველოს მოქალაქე, ვინც არ უნდა იყოს, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს საკუთარ სამშობლოს და არა ნებისმიერ, ვინმე სხვას.

ჩვენ ვნახეთ მათი ნამოქმედარი, როდესაც ცხელი ბომბების ცვენას ანიჭებდნენ უპირატესობას და ამის გაგრძელებაა დღეს, საქართველოს შეთავაზება სათამაშო მოედნად. ეს არის ძალიან სახიფათო განცხადება და სამწუხაროდ, ეს არ არის შემთხვევითი, არ არის შეცდომა, ეს არის ის, რა მიზანსაც ემსახურებიან და რა დავალებასაც ასრულებენ“,- აღნიშნა ხუნდაძემ.