დიდი ალბათობით, რუსეთის არმიას უკვე მიღებული აქვს ბრძანება, რათა დონბასის ტერიტორიაზე შეიჭრას - ამირან სალუქვაძე

სალუქვაძე

ექსპერტები სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ვარაუდობენ, რომ დიდი ალბათობით რუსეთის არმიას უკვე მიღებული აქვს ბრძანება დონბასში შეჭრასთან დაკავშირებით.

მათი ნაწილის შეფასებით, დასავლეთის რეაგირება პუტინის აგრესიულ პოლიტიკაზე საკმაოდ სუსტია.

„პუტინი მიყვება თავის დასახულ გეგმებს, სამწუხაროდ დასავლეთის რეაგირება ამ აგრესიულ პოლიტიკაზე საკმაოდ სუსტია და როგორც წესი, დაგვიანებულია. დიდი ალბათობით, რუსეთის არმიას უკვე მიღებული აქვს ბრძანება, რათა დონბასის ტერიტორიაზე შეიჭრან“,  - აცხადებს ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე.

„ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით იმასაც ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის, რუსეთი სპეცსამსახურებს აამოქმედებს და უკრაინის შიგნიდან არევას შეეცდება.

„უკრაინის ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებულია უკრაინის ჯარიც. გააჩნია რა მოქმედებები დაიწყება. თუ მოხდა გარკვეული სახის პროვოკაცია, შესაძლოა ეს იყოს სამხედრო ესკალაციის გამაღვივებელი ფაქტორი. თუ მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა, მაშინ დიდი ალბათობით რუსეთი თავის სპეცსამსახურებს აამოქმედებს, რომლებიც უკრაინაში ოპერირებენ და მათი საშუალებით შეეცდება ქვეყნის შიგნიდან არევას“, - აღნიშნავს „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნიკოლოზ ხატიაშვილი.

 

მოხდა 21 თებერვალს - მოკლედ:

ვლადიმერ პუტინმა, მას შემდეგ, რაც უკრაინის ოკუპირებული რეგიონები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა, უკრაინის ტერიტორიაზე ჯარები გაგზავნა, მოტივად კი ისევ "სამშვიდობო მისია" დაასახელა. შესაბამისი დადგენილებები უკვე გამოქვეყნდა.

პუტინი ბრძანებაში ამტკიცებს, თითქოს უკრაინის ორი რეგიონის "დამოუკიდებლობა" კონფლიქტის მშვიდობიანი რეგულირებისა და მინსკის შეთანხმების გათვალისწინებით აღიარა. ამას წერს ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთის პრეზიდენტი მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მან როგორც მინსკის შეთანხმება, ასევე, საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია.

დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, დონეცკისა და ლუგანსკის "მთავრობებთან" მოამზადოს მეგობრობის და ორმხრივი ურთიერთობების შეთანხმება. პუტინის ბრძანების მიხედვით, დონეცკისა და ლუგანსკის "მმართველების" მიმართვის საფუძველზე, შეთანხმების დადებამდე "სამშვიდობო მისიით" გაგაზავნიან ჯარებს.

პუტინის ბრძანება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე, რაც უკვე მოხდა. უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დონეცკში სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნება