პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლას და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
,,რუსები რამდენიმე საათში გადალახავენ საზღვარს და დაიკავებენ დონბასის ტერიტორიას იმ საზღვრებში, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ აჯანყებული სეპარატისტები. გამყოფი ზოლის მეორე მხარეს განლაგდება უკრაინული არმია. ერთადერთი, რაც შეიცვალა, ეს არის დონბასის იურიდიულ-პოლიტიკური სტატუსი რუსულ სამყაროში. ზელენსკი ძალიან მშვიდი იყო თავისი გამოსვლისას.
მას შეუძლია ჩათვალოს, რომ წარმატებით „წამოიკიდა“ პუტინი. პუტინი ამას ხვდება და დიდად ბედნიერი არ ჩანდა. ამას მოწმობს მისი გრძელი, ნერვული გამოსვლა, რაც საბოლოოდ კონტროლიდან გაექცა და უამრავი სისულელე წამოცდა, რამაც მისი რეპუტაცია სერიოზულად შეარყია მთელ მსოფლიოში და „მაჩო“ ლიდერიდან შეშლილი პარანოიკის განზომილებაში გადაიყვანა. ყირიმსა და დონბასს დიდი ალბათობით ისედაც შეუნდობდა მას დასავლეთი, მაგრამ ვინაიდან მან უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ამას უკვე არავინ გაუტარებს.
პუტინის გამოსვლა ერთგვარი საჩუქარი იყო როგორც უკრაინელებისათვის, ასევე ქართველებისათვის. 2008 წლის შესახებ არსებული ყველა ბრალდება საქართველოს ე.წ. „პროვოკაციაზე აყოლის“ მიმართ, უკვე გაბათილებულია.
ჰაიდი ტალიავინს შეუძლია უკვე დაივიწყოს თავისი „გამოძიება“ და კონდოლიზა რაისსაც მოუწევს მემუარების ახლებურად რედაქტირება.
პუტინი ალბათ მალე დაიწყებს თავისი ჯარების დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებისათვის მზადებას; თუმცა ჯერ დაელოდება დასავლურ სანქციებს და შეეცდება დიპლომატიურად ივაჭროს ზოგიერთი მათგანის შერბილებაზე იმის სანაცვლოდ, რომ „კიევს აღარ დაესხმება თავზე“. რაც შეეხება სანქციებს, CNN-ში გამოსული სენატორების განცხადებების თანახმად, - თუ ყველა სანქცია ახლა დავხარჯეთ, პუტინმა უფრო მეტი რომ გაბედოს, მერე რა ვქნათო -, იმას ნიშნავს, რომ სანქციები იქნება ძალიან ზომიერი, მსუბუქიც კი და როგორც ზემოთ ვახსენეთ, დიდი ალბათობით ნაწილობრივ გაბათილდება ჯარების ყაზარმებში დაბრუნების შემდეგ „მიღწეული დეესკალაციით“. იქნება თუ არა დაპირისპირება ე.წ. გამყოფ ზოლზე? დიდი ალბათობით რაღაც მასშტაბით იქნება, რადგან ეს საჭიროა დასავლეთის უკეთესი მოტივირებისათვის.
ჯერჯერობით უკრაინა იგებს 1:0 -ს. დეტალების დაზუსტება ამერიკის უშიშროების საბჭოს სხდომისა და საერთაშორისო სანქციების გამოცხადების შემდეგ იქნება შესაძლებელი. როგორც გერმანიამ და საფრანგეთმა აღნიშნეს, ისინი გააგრძელებენ პუტინთან დიპლომატიური არხებით ურთიერთობას; ცხადია მათ შეუერთდება ამერიკაც. ერთადერთი, რაც ლოგიკურად დაგეგმილი სურათიდან სრულიად ამოვარდნილი იყო, ეს გახლდათ პუტინის ისტორიული წიაღსვლები; არგუმენტები, რომლებსაც ის აქამდე საჯაროდ არ ახმოვანებდა და მხოლოდ პირად საუბრებში თუ იყენებდა. დარწმუნებული ვარ, უკვე ძალიან ნანობს თავის გაცხარებას, რამაც დაძაბულობას სერიოზულობის მომენტი დაუკარგა.P.S. ნატო-ს პერსპექტივები შეგნებულად არ მიხსენებია. უკრაინა და საქართველო ისედაც არ განიხილებიან წევრობის კანდიდატებად მინიმუმ მომავალი დეკადის განმავლობაში“ , - წერს ზურაბ გურული.