დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია გაიმეორებს იმ ძალიან მწვავე ფორმულირებას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ იანვრის სესიაზე - თინა ბოკუჩავა PACE-ზე

თინა ბოკუჩავა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დებატი დღეს გაიმართება. დაგეგმილია რეზოლუციის მიღებაც. კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართება.

ტექსტის პირველადი ვერსია რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა განიხილავს საქართველოს საკითხზე უკვე მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებულ შემდგომ ქმედებებს, რომელიც ქართული დელეგაციის მანდატების რატიფიცირებას ეხება.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დიდი ალბათობით, ახალი რეზოლუცია გაიმეორებს იმ ძალიან მწვავე ფორმულირებას, რაც იანვრის სესიაზე გაჟღერდა.

"დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია გაიმეორებს იმ ძალიან მწვავე ფორმულირებას, რაც ჩვენ ვიხილეთ იანვრის სესიაზე. დიდი ალბათობით, იგივე მოთხოვნები დარჩება ძალაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თეორიულადაც კი, მხოლოდ ოპოზიციის რანგში შეეძლებათ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნება, რადგან ახალი საპარლამენტო არჩევნები მათი რეჟიმის დასრულებას მოიტანს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

29 იანვარს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს, ამ გადაწყვეტილების გამო, "ქართული ოცნების" დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეწყვიტა.