დღესაც ვამბობთ, მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, მნიშვნელოვანია, იყოს მეგობრობაც და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი, გავსრისოთ -კახა კალაძე

კხა

დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც და პარტნიორობაც ორმხრივი.

„ულტიმატუმებს ვისმენთ ამდენი ხნის განმავლობაში. ცოტა უკან რომ დავბრუნდეთ, ჯერ იყო კანდიდატის სტატუსით აშანტაჟებდნენ და აჯანჯღარებდნენ ქვეყანას, ამასაც იყენებდნენ იმისთვის, რომ რევოლუცია მოეწყოთ. ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ქართველები კარგი ხალხი ხართ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო. მერე იყო მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემით მანიპულირება. ახლა ვიზალიბერალიზაციის თემა. ევროინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულებაა გაფორმებული, რასაც საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება თანმიმდევრობით და ყველა საჭირო რეფორმა იქნება, თუ წინ გადასადგმელი ნაბიჯი, ზედმიწევნით ვასრულებთ.

ნახეთ, ყველა ობიექტური განცხადება, შეფასება რაც კეთდება, ყველა კრიტერიუმით საქართველო არის მოწოდების სიმაღლეზე ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებით, რომელსაც დღეს კანდიდატის სტატუსი აქვს, თუ მოლაპარაკებებს უხსნიან. ყველა ქვეყანაზე გაცილებით წინ ვართ, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ნარატივი შემოდის, მაშინვე სიცრუე, ცილისწამებაა. უბრალოდ გაღიზიანებულები, გაგიჟებულები არიან, რომ ქართველმა ხალხმა ის ბოროტება დაამარცხა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს ებრძვის როგორც საპარლამენტო არჩევნებში, ახლა აგერ თვითმმართველობის არჩევნებში.

დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები, ახალი ფურცლიდან დაიწყოს ეს ყველაფერი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უნდა იყოს მეგობრობაც, პარტნიორობაც ორმხრივი და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი, გავსრისოთ. ჩვენი ინტერესები გავატაროთ საქართველოს და ქართველი ხალხის ხარჯზე. არ გამოვა ასე“, – განაცხადა კახა კალაძემ.