დღეს გამოცხადებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც არ უნდა გამოგვრჩეს

გადაწყვეტილებები

მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ისაუბრა.

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს:

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს დაუსუბსიდირებს

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან და ის ორი წელი გრძელდებოდა, იანვარში შეწყდა ეს სუბსიდირების პროგრამა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პროგრამა გავაგრძელოთ. მოსახლეობის იმ ფენას, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს


„ჩვენ დღეს მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას ხელი, შესაბამისად გაიხსნა უკვე თურქეთის ბაზარი და თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის GMP სტანდარტის შესაბამისი მედიკამენტები. მოგეხსენებათ, რომ მე ამის თაობაზე ღიად ვისაუბრე, საგრძნობლად დიდია სხვაობა ფასებს შორის, ყველაზე მოთხოვნადი წამლები ჩვენთან თუ ღირს, პირობითად, 10 ლარი, თურქეთში ღირს 1-2 ლარი. ამიტომ არავითარი არგუმენტი იმისა, რატომ არ უნდა ყოფილიყო გახსნილი თურქეთის ბაზარი, არ არსებობს, ვერ მოვისმინე. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა. ეს ძალაში შევიდა დღეიდან და მე იმედი მაქვს, რომ იმპორტიორები შემოიტანენ მაღალი ხარისხის წამლებს თურქეთიდან, რაც მნიშვნელოვნად ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს საქართველოში,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღვინის ექსპორტი

„2012 წელთან შედარებით, ღვინის ექსპორტი თითქმის 360%-ით არის გაზრდილი, ასევე 2012 წელს ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავალი თუ იყო 71 მილიონი დოლარი, შარშან იყო 250 მილიონი დოლარი, ამხელა სხვაობა არის 8 წელიწადში, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ასევე მინდა გითხრათ, რომ საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებული არის 42 მილიონი ბოთლი ბრენდი, რაც 30%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და 550%-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 78 მილიონ დოლარს შეადგენს, 2012 წელს ეს იყო მხოლოდ 20 მილიონი დოლარი. ძალიან ბევრი ქვეყანა დაემატა და ქართული კომპანიები, რომლებიც ჯამში 440-ს აჭარბებს, ახორციელებს ღვინის ექსპორტს. შედარებისთვის 2012 წელს ექსპორტიორი კომპანია იყო 100-მდე. ასევე, ჯამურად ღვინის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 400 მილიონ დოლარამდე შემოსავალი, რაც არის 18%-ით მეტი 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 142%-ით მეტი არის 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც მაშინ იყო 163 მილიონი დოლარი. ეს არის რეალური განსხვავება სულ რაღაც 8 წელში, რომელიც ჩვენი მთავრობის საერთო ძალისხმევით იქნა მიღწეული და ჩვენს მიერ დაწყებული იმ, პროგრამებით და გონივრული პოლიტიკით, რომელიც დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს“, - განაცხადა პრემიერმა.


რიგ კანონში ცვლილებების განხორციელების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნება


​„დაპირებისამებრ, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მუშაობა ფარმაცევტული ბაზრის კვლევაზე, ჩავატარეთ მონიტორინგი, შესაბამისად, რეკომენდაციები გაეგზავნა პარლამენტს, მთავრობას. მე ახლა მინდა, ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ეთხოვოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებს, რომ ერთობლივად დავიწოთ მუშაობა იმიტომ, რომ საჭირო იქნება რამდენიმე კანონში ცვლილებების განხორციელება და ეს კიდევ უფრო დაეხმარება და კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს ჩვენი მოლოდინით. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა უნდა უყოს, ერთი მხრივ, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგი და მეორე მხრივ, ხარისხის კონტროლი, რაც არის აუცილებელი. ხარისხიანი მედიკამენტი უნდა მიეწოდოს ჩვენს მოსახლეობას, ეს არის ნომერ პირველი მოთხოვნა. ჩვენ ახლა აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, მინისტრი აზარაშვილი დაიწყებს მუშაობას ამ თემაზე და უახლოეს რამდენიმე კვირაში გვექნება შედეგები,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისისა და გონიოს ფინანსური ცენტრები - პრემიერმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესის კოორდინაცია ეკონომიკის მინისტრს დაავალა

„რამდენიმე თვის წინ გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის იდეას, ამის თაობაზე გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოში ცნობილ ფინანსურ კომპანიასთან Rothschild-თან. ახლა მინდა ეკონომიკის მინისტრს დავავალო, რომ გაუწიოს კოორდინაცია ამ პროცესს, მოამზადოს და წარუდგინოს საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტს. ჩვენი სურვილია, შევქმნათ საქართველოში სპეციალური საერთაშორისო ფინანსური ზონები, რომლის შექმნა-განვითარება ჩვენი ვარაუდით ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე, ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას და ქვეყნის რეგიონულ-ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო, საბოლოო მიზანი. გვაქვს ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა, ერთი, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი, თბილისის ზღვასთან 110 ჰექტარ მიწის ფართობზე განთავსდება და ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს აღნიშნული ადგილი. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამის თაობაზე უკვე აქტიური მუშაობა დავიწყეთ. აქვე გვინდა, რომ შევქმნათ ფინანსური ცენტრი. სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ, რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ფინანსურ ზონებში მოქმედი საერთშორისო კომპანიების პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მისცემს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.