დეპუტატები სააკაშვილის მონახულებას სპეციალური ნებართვის გარეშე ვეღარ შეძლებენ - რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ

სააკაშვილი

იუსტიციის მინისტრის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პარლამენტმა სპეციალური ნებართვის გარეშე დეპუტატებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება აუკრძალა.

„2022 წლის 27 დეკემბრის წერილით, იუსტიციის მინისტრმა აცნობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან უსაფრთხოების ღონისძიებების გამკაცრების შესახებ, მათ შორის, შეხვედრებთან დაკავშირებით, და მიმართა თხოვნით, აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

პატიმრობის კოდექსი აწესებს პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის და პატიმრის მონახულების ფორმებს, ისევე როგორც დაწესებულებაში შესვლის სპეციალური ნებართვის გაცემის წესს. ამასთან, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულია რამდენიმე თანამდებობის პირი (პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, სახალხო დამცველი და ა.შ.), რომელთაც აქვთ სპეციალური ნებართვის გარეშე პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება. თავის მხრივ, პატიმრობის კოდექსის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საკუთარი გადაწყვეტილებით, შეუძლია პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება ერთჯერადად მიანიჭოს პარლამენტის რომელიმე წევრს.

2021 წლის 3 ოქტომბრიდან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის წევრებზე გაიცა 228 ნებართვა, რაც თავის მხრივ აჩვენებს, რომ პარლამენტის წევრების მხრიდან ამ უფლების მინიჭებაზე მიმართვა დიდი ხანია გასცდა მიმართვაში აღნიშნულ მიზანს - პატიმრის მიერ სასჯელის მოხდის პირობების გაცნობას - და გამოიყენება, უშუალოდ პატიმართან, პირადი თუ საქმიანი ხასიათის შეხვედრისთვის, რაზედაც არაერთხელ საჯაროდ მიუთითა პარლამენტის თავმჯდომარემ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან ერთად, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის სათანადო პირობებზე მონიტორინგს, უპირველეს ყოვლისა, აწარმოებენ მისი ადვოკატები, რომლებმაც დღემდე 533 ვიზიტი განახორციელეს მიხეილ სააკაშვილთან. გარდა ამისა, აქტიურ მონიტორინგს აწარმოებენ სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები, რომლებსაც პატიმრობის კოდექსის თანახმად ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ, დაბრკოლების გარეშე, მოინახულონ ნებისმიერი პატიმარი. მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ამ უფლებით მათ უკვე 57-ჯერ ისარგებლეს. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელის მოხდის პირობებზე ეფექტიანი მონიტორინგი სრულად უზრუნველყოფილია.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ჩერდება პარლამენტის წევრებისთვის მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება.

ამასთან, დღევანდელი მდგომარეობით გაცემული ნებართვები, რომლებიც ეხება 2023 წლის 2 იანვრის კვირას, ძალაში რჩება“, - ვკითხულობთ პარლამენტის განცხადებაში.