დავით ქართველიშვილი: საქართველომ გაუძლო სსრკ-ს და ასეთ იმპერიასთან ბრძოლის გამოცდილების მქონე ქვეყანამ PACE-ს ასამბლეაზე ნათქვამ სისულელეზე არ უნდა დახარჯოს დრო

დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მისამართით მოსალოდნელ რეზოლუციას ქვეყანამ ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს. ამის მიზეზად ექსპერტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ის გარემოება დაასახელა, რომ ქვეყნის არაკეთილმოსურნეები შეეცდებიან ქართული საზოგადოების მთელი ყურადღების ამ მიმართულებით წარმართვას. „ეს ჭინკები ცდილობენ მთელი ჩვენი საზოგადოების ძირითადი ყურადღება აქეთკენ მოაქციონ. ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მანვე პარალელი გაავლო 9 აპრილის მოვლენების მიმართ მოსკოვის დამოკიდებულებაზე და აღნიშნა, რომ თავის დროზე, საბჭოთა კავშირიც ცდილობდა საქართველოში თავისუფლებისათვის ბრძოლა ექსტრემიზმად მოენათლა, თუმცა ქვეყანამ ამ ზეწოლას გაუძლო და დამოუკიდებლობის აქტიც კი გააფორმა.

„9 აპრილთან დაკავშირებით უბრალოდ განვაახლე მეხსიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტები: 9 აპრილი შედგა და გათენდა მოსკოვში 10 და 11 აპრილი. გაიმართა სხდომა და ასეთი ეპითეტები გაჟღერდა ჩვენს მიმართ - 9 აპრილს გვქონდა ადგილი ექსტრემიზმთან და ნაციონალიზმთან; თურმე ის ჩვენი გოგოები, ბიჭები და ბებიები იყვნენ პროვოკატორები; იყო სპეციალურად შემცირებული მსხვერპლის რაოდენობა.

მაგრამ იქაც კი, საბჭოთა იმპერიის ცენტრშიც კი, ვერ გაბედეს და აი ეს ნარატივი ვერ გააგრძელეს შემდგომ დღეებში. მათ ნელ-ნელა, ამ აგრესიულ და უსამართლობაზე დამყარებულ რიტორიკას ცოტა მოუკლეს. მერე იქ ანატოლი სობჩაკის კომისია ჩაერთო და ძალიან ბევრი რამ ვეღარ დამალეს…

რისი თქმა მინდა - აი ამ სსრკ-ს უზენაეს საბჭოებს და პოლიტბიუროს სხდომებს პატარა საქართველომ გაუძლო და სულ რაღაც ორ წელიწადში რეფერენდუმიც ჩაატარა და დამოუკიდებლობის აქტსაც მოაწერა ხელი. ასეთ იმპერიასთან ბრძოლის გამოცდილების მქონე საქართვველომ PACE-ს ასამბლეაზე ნათქვამ სისულელეზე და ჩვენი მისამართით გამომცხვარ მორიგ ცილისწამებაზე საერთოდ არ უნდა დახარჯოს დრო. ეს ჭინკები ცდილობენ მთელი ჩვენი საზოგადოების ძირითადი ყურადღება აქეთკენ მოაქციონ. ჩვენ მათ ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.