დავით ქართველიშვილი: მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებას - აღდგეს უსაფრთხოების ეროვნული აკადემია, წლებია ველოდებოდი. მჯერა, რომ გაწყვეტილი პროფესიული მემკვიდრეობა და უსაფრთხოების სისტემის სპეციფიკა კვლავ აღდგება

დავით ქართველიშვილი

სახელმწიფოს სიძლიერის უზრუნველსაყოფად სპეცსამსახურების როლის მნიშვნელობაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, პროფესიონალებით, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე ადამიანებით სპეცსამსახურების დაკომპლექტება ისევე მნიშვნელოვანია ქვეყნის სიძლიერისათვის, როგორც ავადმყოფი და მომაკვდავი ადამიანისთვის სამედიცინო სერვისის გაწევა.

დავით ქართველიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ირღვეოდა და იშლებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა და იმედოვნებს, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ჩატარებულ რეფორმებს წარმატებულად გააგრძელებს სუს-ის ახალი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე.

„წარმოიდგინეთ, რომ ერთ უბედურ წელიწადს, რომელიმე ხელისუფალმა საკუთარ ქვეყანაში დახურა ყველა სამედიცინო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და აკრძალა უცხოეთის სამედიცინო დიპლომები, ხოლო საავადმყოფოები დააკომპლექტა სოფლის ექიმბაშებით და დილეტანტი ჰომეოპატებით. თანაც წარმოიდგინეთ, რომ მოსახლეობაზე ეს „სახელმწიფოებრივი" ზრუნვის პროცესი გრძელდება 21 წელიწადი. თქვენ ახლობლები გიკვდებათ პერიტონიტით, კარიესი ნებივრობს თქვენს პირის ღრუში და გამოცდილი მრავალშვილიანი მეზობლები მშობიარობაში სახლის პირობებში გეხმარებიან.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა მედიცინაზე არანაკლებად მნიშვნელოვან სფეროში - სპეცსამსახურების საქმიანობაში, როდესაც ავი „სახელმწიფოებრივი" სულით შეპყრობილმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის 19 ივლისს თავისი განკარგულებით გააუქმა ეროვნული უშიშროების აკადემია. შეიქმნა კუდ-ი და სოდ-ი, რომელიც შეავსეს „კმარელებით", სისტემიდან გათავისუფლებული პროფესიონალების სანაცვლოდ და სახელმწიფოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი სააზროვნო ცენტრი და ხერხემალი მთლიანად დააქვემდებარეს სააკაშვილი ოჯახის და მმართველი კლანის ხუშტურების უზრუნველყოფას.

ჩემი კოლეგების დიდმა ნაწილმა 2004-2012 წ.წ. თავი აარიდა „კუდ"-იანების რიგებში დარჩენას, მაგრამ 2013 წელს სისტემაში დაბრუნებულს, სპეცსამსახურებში უმძიმესი მემკვიდრეობა დამხვდა. მაქსიმალურად, რაც მოვასწარით ორ წელიწადში, გამოვასწორეთ, სანამ უბედურების ზარმა მეორედ არ დარეკა.

ქვეყნის უსაფრთხოება - ნავთლუღის ბაზრის ხორცის ყასაბს ჩააბარეს, რომელმაც სისტემიდან უკანასკნელი დარჩენილი პროფესიონალები გაათავისუფლა და სპეცსამსახური გაავსო სრულიად შემთხვევითი კადრებით. დღევანდელ დღეს, მამუკა მდინარაძის გადაწყვეტილებას და პარლამენტის მყისიერ გამოხმაურებას - აღდგეს უსაფრთხოების ეროვნული აკადემია, წლებია ველოდებოდი. გაუქმებული ეროვნული უშიშროების აკადემიის მსმენელის, ლექტორის და სპეცდისციპლინების კათედრის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციიდან ველოდებოდი. მჯერა და დიდი იმედი მაქვს, რომ გაწყვეტილი პროფესიული მემკვიდრეობა და უსაფრთხოების სისტემის სპეციფიკა კვლავ აღდგება. ჩემი პიროვნული და პროფესიული მადლობა სუს-ის ახალ დირექტორს. წარმატებები და წინსვლა მინდა ვუსურვო მას, სახელმწიფო საქმისადმი მისთვის დამახასიათებელ ერთგულებაში!“, - წერს დავით ქართველიშვილი.