დავით მათიკაშვილი: კონკრეტულ ქვეყნებთან, ისევე როგორც აშშ-თან ჩნდება იმედი ურთიერთობის გადატვირთვის, ახალი ფურცლიდან დაწყების, თუმცა ეს ევრობიუროკრატიას - ევროკავშირის ხელმძღვანელ რგოლს, სამწუხაროდ არ ეხება

დავით მათიკაშვილი

კონკრეტულ ქვეყნებთან, ისევე როგორც აშშ-თან ჩნდება იმედი ურთიერთობის გადატვირთვის, ახალი ფურცლიდან დაწყების, თუმცა ეს ევრობიუროკრატიას - ევროკავშირის ხელმძღვანელ რგოლს, სამწუხაროდ არ ეხება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მან ბოლო პერიოდში პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის უცხოეთში განხორციელებული ვიზიტები და შეხვედრები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანასთან არის დამაიმედებელი გზავნილები.

მისივე თქმით, დღეს უკვე თავად ევროკავშირის ქვეყნებში საუბრობენ, რომ ევროკავშირს ევრობიუროკრატია ანგრევს. მათიკაშვილმა საუბრისას ასევე გაიხსენა აშშ-ის სტრატეგიის დოკუმენტი გაიხსენა, სადაც მისივე განცხადებით, აღნიშნულია, რომ თუ ევროკავშირი ასე გააგრძელებს, ღირებულებით უფსკრულში აღმოჩნდებაო.

„სწორედ ამ უფსკრულისკენ მიაქანებენ ეს ადამიანები ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს იმედი - იმედი იმის, რომ გამოიღვიძებს ევროკავშირის ხალხები. კარგად ხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ რუსეთის სტრატეგიულ მარცხზე და ცეცხლის რკალში მოქცევაზე, მასთან კომუნიკაციის გაწყვეტაზე საუბრობდნენ და ჩვენ აქეთკენ გვიბიძგებდნენ, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე, საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა ააშენონ რუსეთთან ერთად. ჩვენ რომ მათ ამ ბიძგს, წაქეზებას დავყოლოდით, წარმოიდგინეთ, სად აღმოჩნდებოდა საქართველო?! დამერწმუნეთ, უკრაინაზე უფრო უარეს მდგომარეობაში იქნებოდა“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.