1728334168
დავით მათიკაშვილი: გეოგრაფიას ვერავინ უარყოფს. ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის კიდევ უფრო მეტად დასაფიქრებელი იქნება ის, რომ საქართველოსთან პარტნიორობის გარეშე შუა დერეფნის ამოქმედება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება
დავით მათიკაშვილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის მინიჭებას გამოეხმაურა. ამ თემაზე საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„ცხადია, რომ ენერგია, რომელიც ამ კაბელის მეშვეობით იქნება ხელმისაწვდომი ევროკავშირისთვის, გაზრდის მათ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც პოლიტიკურ ჭრილში უმნიშვნელოვანესია. ამ მოცემულობაში გეოგრაფიას ვერავინ უარყოფს, ვერსად წაიღებს საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას და ჩვენი ევროპელი კოლეგებისთვის კიდევ უფრო მეტად დასაფიქრებელი იქნება ის, რომ საქართველოსთან პარტნიორობის გარეშე შუა დერეფნის ამოქმედება და ევროპელი ხალხებისთვის სასარგებლო ეკონომიკური პროექტების განხორციელება იქნება ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი“, - აცხადებს მათიკაშვილი.
მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელება კარგი საფუძველი იქნება, იმისთვის რომ ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანმა პროექტებმა მიაქცევინებს ევროპელ პოლიტიკოსებს ყურადღება იმაზე, რომ „ორმაგი სტანდარტით ქართველებთან ვერ იმუშავებენ“.
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა.












