დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში განსახილველ რეზოლუციებზე: როდესაც რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს წარმოადგენს, ასეთ რეზოლუციას არანაირი არსებითი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს

დავით მათიკაშვილი

არცერთი ობიექტური კრიტერიუმი, თვითონ ევროკავშირის სივრცეში არსებული კვლევებითაც კი, არ არის რეზოლუციებში გათვალისწინებული, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში განსახილველ რეზოლუციებთან დაკავშირებით.

მათიკაშვილის თქმით, როდესაც რეზოლუცია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზანს წარმოადგენს, ასეთ რეზოლუციას არანაირი არსებითი მნიშვნელობა და ფასი არ აქვს.

„მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანი დამოკიდებულების ჭრილშია შესაძლებელი რაიმე ფორმით ურთიერთობების გაუმჯობესება და თუკი ამას არ ექნება ადგილი, ცხადია მთელი პასუხისმგებლობა ამ ურთიერთობების ნეგატივსა და გაფუჭებაზე, ეკისრება ევროკავშირის ინსტრუქტორებს, რომლებიც ასეთ უსამართლო დოკუმენტებს ქმნიან“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.