1763716800
დავით მათიკაშვილი: 2008 წელს ნატო-ს შეეძლო, აქტიური გადაწყვეტილება მიეღო, თუმცა გაუგებარი ჩანაწერი გააკეთა, რამაც ალბათ საქართველო-უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებები დააჩქარა
ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, საქართველო-უკრაინის მიმართ აქტიური ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, ალიანსმა ორი ქვეყანა ძალმომრე სახელმწიფოსთვის სამიზნე გახადა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი მხრივ, საქართველო ნატო-სთან ურთიერთობას აგრძელებს, მეორე მხრივ კი, ნაბიჯები არ იდგმება, რათა ეს ურთიერთობა უსაფრთხოების რეალურ გარანტიებში ჩაჯდეს.
„არც მაპია და არც წინ გადადგმული ნაბიჯები იმ რისკების საპასუხოდ, რაც რუსეთიდან მოდიოდა. გენერალური მდივანი გაუგებარ მინიშნებებს აკეთებს. რა წყაროებისგან იღებენ საქართველოს შესახებ ინფორმაციას ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურები, ეს ჩვენთვის კარგად ცნობილია. ამ ტენდენციურ განცხადებას სჯობს, თუ რაიმე სათქმელია, პირდაპირ გაგვაგებინონ. ცალ კარში თამაში წარმოუდგენელია, მათ შორის ნატო-სთან. ნატო-სთან ურთიერთობას ვაგრძელებთ, გრძელდება წვრთნები. შევარდნაძის განცხადება გვახსენდება, ღია კარებში ყოფნა დიდი ხანი არ შეიძლება. გვეუბნებიან, კარები ღიაა და, მეორე მხრივ, ნაბიჯები არ არის, რომ საქართველო-ნატო-ს ურთიერთობა უსაფრთხოების რეალურ გარანტიებში ჩაჯდეს. აქეთკენ თითის გამოშვერა ხდება და იმის თქმა, რომ წევრობა მოინდომონ. ნატო-ს 2008 წელს ხელს არავინ უშლიდა აქტიური გადაწყვეტილება მიეღო და სრულიად გაუგებარი ჩანაწერი გააკეთა, რამაც დიდი ალბათობით, ის აგრესიული ქმედებები დააჩქარა, რაც რუსეთს საქართველო-უკრაინის მიმართ ჰქონდა. ნაცვლად უსაფრთხოებისა, პირიქით, აგრესია მივიღეთ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი“.











