"დარწმუნებული ვარ, რომ სწორი შეფასება იქნება არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით" - ირაკლი კუპრაძე ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებზე

ირაკლი კუპრაძე

პოლიტიკური დისკუსიის საგანია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტში გამართული დებატები - არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, დარღვევები, გამოძიების მნიშვნელობა და ორი კანონის გაუქმება - ეს იყო ძირითადად კრიტიკული განცხადებების შინაარსი, თუმცა იყო პოზიტიური შეფასებებიც, მათ შორის, ითქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ის რომ პატივი უნდა სცენ უმრავლესობის ნებას.

კრიტიკული განცხადებების პათოსს სრულად იზიარებენ ხელისუფლების ოპონენტები. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ევროკავშირში აქტიურად აკვირდებიან იმ პროცესებს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

"ყველაფერი ძალიან ცუდად არის იმ ფონზე, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების წინსვლა არის უბრალოდ გაჩერებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნებზე შეშფოთება არის. ასევე, იქნება რეზოლუცია, რაც ადეკვატურად ასახავს ევროპარლამენტარების სადამკვირვებლო მისიის პროცესში გამოვლენილ დარღვევებს და, ასევე, მთავარი საკითხი არის გამოძიება," - აღნიშნავს "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია.

"ძლიერი საქართველოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებში საქართველოს საკითხის ჩანიშვნა მიუთითებს ევროპის მხრიდან საქართველოსადმი მაღალ ინტერესზე.

"განხილვის ჩანიშვნაც კი, რომელიც არ იყო საერთოდ დღის წესრიგი და ეს საკითხი ჩაამატეს, იმიტომ რომ შექმნილია ისეთი ვითარება, სადაც საჭიროა ევროკავშირს ჰქონდეს პოზიცია მიტაცებულ არჩევნებთან დაკავშირებით, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ მაღალ ინტერესზე. სად დგას ევროკავშირი და როგორ აფასებს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე პროცესს, ამაზე მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ ის კენჭისყრა, რომელიც შედგება. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი შეფასება იქნება გაკეთებული არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით," - აცხადებს "ძლიერი საქართველოს" წევრი ირაკლი კუპრაძე.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.