პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია - უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, მიიღებენ თუ არა ქვეყნები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
მოსალოდნელი გადაწყვეტილების შესახებ „პრაიმტაიმთან“ ქართველი ექსპერტები საუბრობენ. როგორც კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აცხადებს, მისი ინფორმაციით, ევროკავშირი ქვეყანათა, მათ შორის, საქართველოს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რადგან კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა რუსეთი ინტერესების გაძლიერებას ნიშნავს.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მისცემენ. გეოპოლიტიკური ვითარების კონტექსტში, ახლა დასავლეთს არ აწყობს, რომ ქვეყნებში რუსეთის პოზიცია გააძლიეროს. ამ სტატუსის არ მიღება კი საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი იქნება, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას სტატუსი მიეცემა. რაც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დასახელებულ პირობებს, ეს დაუკავშირდება სასამართლო რეფორმებსა და ზოგადად, დემოკრატიზაციის პროცესის გააქტიურებას“, - განაცხადა არეშიძემ.
პოზიციას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს საქართველოს მისცემენ, იზიარებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც. როგორც ის „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, უარის თქმის შემთხვევაში გამოვა, რომ ევროკავშირი რუსეთის ინტერესს ანგარიშს უწევს.
„საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებენ. უარის თქმის შემთხვევაში გამოვა, რომ ევროკავშირი რუსეთის ინტერესს ანგარიშს უწევს. სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ევროკავშირი საქართველოს გარკვეულ პირობებს წაუყენებს, რაც პირველ ყოვლისა, დემოკრატიზაციის პროცესის გააქტიურებას შეეხება. ევროკავშირი საქართველოსგან მოითხოვს, რომ დაწყებული რეფორმები ბოლომდე მიიყვანოს“, - განაცხადა ჩიტაძემ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა შეიმუშავეს ერთობლივი განცხადების პროექტი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განცხადებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, განცხადებაში ვკითხულობთ:
„პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განცხადებაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური
მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს.
უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა, თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან - ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და (მათი) მიღწევების გათვალისწინებით“.