დამოუკიდებელი საქართველო 104 წლისაა - როგორ შეიქმნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

26 maisi

„ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა“… – ეს არის ფრაზა, რომელიც 1918 წლის 26 მაისს 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში პირველ პუნქტად დამტკიცდა და ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დაწყების სიმბოლოდ იქცა.

რუსთაველის გამზირზე, შენობაში, სადაც ახლა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეა განთავსებული და იმ დროისთვის მეფისნაცვლის სასახლე იყო, ეროვნული საბჭოს 42 კაციანმა შემადგენლობამ ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტი დაამტკიცა.

ამავე დოკუმენტში იყო ახსნილი ის მთავარი წინაპირობები, რის გამოც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება აუცილებელი ხდებოდა – რუსეთის იმპერიის დამხობა, მრავალსაუკუნოვანი, თავისუფალი ქვეყნის დამოუკიდებლად განვითარების სურვილი და გარეშე დამპყრობლისგან დაცვა

იმავე დღეს დამტკიცდა დროებითი მთავრობა და დაინიშნა მისი პირველი მეთაური – ნოე რამიშვილი.

შედგა პირველი საზეიმო აღლუმიც, ახლად შექმნილი სახალხო გვარდიის ჯარისკაცების მონაწილეობით. უკვე 1 წლის თავზე ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვება უფრო მასშტაბურად აღნიშნა.

სამხედრო, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების მიუხედავად, ახლად შექმნილი რესპუბლიკა სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბებას ახერხებდა. მთავრობის მეთაურობა გადაიბარა ნოე ჟორდანიამ.

შეიქმნა საკანონმდებლო ორგანო, რომელშიც პირველად არჩეულ დეპუტატებს შორის ხუთი ქალი იყო. ძლიერდებოდა ახლად დაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეროვნული ბანკი.

ამ პერიოდის აღწერისას კონსტანტინე გამსახურდია წერდა „სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით, ვიდრე ჩვენი მონობის 100 წელი“.

საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თანადგომის  მოლოდინში იყო, თუმცა რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით დასავლური ქვეყნები იურიდიულ აღიარებას ერიდებოდნენ.

ამ მხრივ პირველი ნაბიჯი თურქეთმა გადადგა. მალევე დე იურე აღიარებას ხელი 12 ქვეყანაში მოაწერეს. მათ შორის იყო რუსეთიც, რომელსაც კიდევ ერთი დაფარული გეგმა ჰქონდა. 

რუსეთის აღიარებას თან ახლდა გასაიდუმლოებული დამატება, რომლითაც კომუნისტურ ორგანიზაციებს საქართველოში მუშაობის უფლება უნდა მისცემოდათ.

იქმნება „კომუნისტური პარტია“. პარალელურად კრემლში მუშავდება გეგმა საქართველოში შემოჭრის შესახებ, თუმცა ამის საფუძველი და გასამართლებელი მიზეზი შიდა აჯანყება უნდა გამხდარიყო..

ლორეში მოეწყო მუშათა შეიარაღებული აჯანყების ინსცენირება. რეალურად ეს იყო სომხეთში განლაგებული წითელი არმიის ნაწილების თავდასხმა საქართველოზე.

პარალელურად რუსეთმა ინგლისთან დადო შეთანხმება, რომლითაც ბრიტანეთმა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარა და ბათუმიდან ჯარი გაიყვანა.

ახალი შეთანხმება დაიდო თურქეთსა და რუსეთს შორისაც, რომ მათ მყარი სახმელეთო საზღვარი უნდა ქონოდათ. გეგმა საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიების გადანაწილებას გულისხმობდა.

ახლოვდებოდა 1921 წლის თებერვალი.. წითელიარმიის შენაერთები ქვეყანაში შემოდიან დარიალიდან, მამისონიდან და შავი ზღვის სანაპიროდან.

ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ქართველების წინააღმდეგობა საკმარისი არ აღმოჩნდა. მათ შორის არც თბილისის შემოგარენში, სადაც წითელი არმიის შეჩერებას იუნკერთა რაზმები ცდილობდნენ.

საბოლოოდ ალყაში მოქცეული თბილისი 1921 წლის 25 თებერვალს, მთავრობამ და ჯარებმა უბრძოლველად დატოვა.

ქვეყნის ხელისუფლებამ თავი საფრანგეთს შეაფარა, თუმცა კაპიტულაცია არ გამოუცხადებია.

ამ დროს ბაქოდან, სერგო ორჯონიკიძე ლენინს წერდა – „თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

1991 წელი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის დამტკიცება იყო კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლი ქვეყნის ისტორიაში.

საბჭოთა 70 წლიანი მმართველობის შემდეგ საქართველომ თავისუფლება კვლავ მოიპოვა, თუმცა უსისხლოდ არც ამ პროცესებს ჩაუვლია.

იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული შეტაკება რუსულ ჯარებთან და რეფერენდუმი, რომელშიც ქვეყნის დამოუკიდებლობას მხარი მონაწილეთა 99%-მა დაუჭირა.

დამოუკიდებლობის აღდგენა სიმბოლურად კვლავ 26 მაისს და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეს დაუკავშირდა.