1768227650
„ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური, ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებით კარგად ვითარდება თანამშრომლობა“ - მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში თავის კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური, ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებით კარგად ვითარდება თანამშრომლობა.
„მაღალი დონის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში, არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, პირველ რიგში, იმისთვის, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იყოს საერთაშორისო არენაზე გაჟღერებული. რაც შეეხება ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენს თანამშრომლობას პარტნიორებთან, რა თქმა უნდა, კარგი შესაძლებლობაა, რომ მაღალი დონის სტუმრებთან იყოს გარკვეული კომუნიკაცია და შეხვედრები. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, სამიტის მონაწილეებს მიმართოს, რაც კიდევ ერთხელ მოაქცევს საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ვიზიტის დღის წესრიგში. ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიკა არის ძალიან პოზიტიური, ეკონომიკური მიმართულებით განსაკუთრებით კარგად ვითარდება თანამშრომლობა. მე მქონდა შესაძლებლობა კოლეგებთან შეხვედრის, ჩვენს პოლიტიკურ დიალოგზე საუბრის. პოლიტიკური დიალოგი გასულ წელს უმაღლეს დონეზე იქნა განხორციელებული, უმაღლესი დონის ვიზიტები და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დიალოგი წელსაც იქნეს შენარჩუნებული. რეგიონში მიმდინარე პროცესები, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და საყურადღებო. პარტნიორებთან ამ საკითხებზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხზე, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ კავშირებს და ასევე, მიმართული იქნება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებისკენ,“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. აბუ-დაბის აეროპორტში საქართველოს ირაკლი კობახიძეს არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრი დახვდა.
პრემიერი მონაწილეობას მიიღებს აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში, გამართავს შეხვედრებს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია პრემიერის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა შუა დერეფანი - ევროპისა და აზიის დაკავშირება ენერგიის მეშვეობით.












