საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა ბოტსვანას რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, ფინანსთა მინისტრ ნდაბა ნკოსინათი გაოლათესთან.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით.

აღინიშნა საქართველოსა და ბოტსვანას შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით მჭიდრო ინტერაქციის გაგრძელების მნიშვნელობას.

ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მადლობა გადაუხადა ბოტსვანას მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აღსანიშნავია, რომ თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბოტსვანას ვიცე-პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებისა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.