ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ, რომელ ელჩს, რა ადგილას და როდის დანიშნავს - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

"დღეს იტალიაში, ევროპის ისტორიულ ცენტრში, სადაც გადაწყდა ევროპის იდეა და ევროკავშირის შექმნა, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი საკითხები წყდება", – ასე უპასუხა იტალიაში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელს შეეხებოდა.

„შეიძლება, მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცი ზუსტად როდის, წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის. ამ ყველაფერზე უთუოდ გავაკეთებ კომენტარებს, მაგრამ ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში, ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს გზა თუ გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა "პირველ არხს".

საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო სარჩელით ითხოვს განმარტებას, საქართველოს ელჩების და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე.

~