ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ ევროკავშირის სამართლებრივი სივრცისადმი სრულიად შესაბამისი და თანხვედრაში მყოფი სამართლებრივი გარემო - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

საქართველოს სავიზო პოლიტიკის გაუმჯობესებისა და დახვეწისთვის საპარლამენტო ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის ზომების გამკაცრებას ითვალისწინებს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ძალიან ბევრჯერ თავშესაფრების მაძიებელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სპეკულაციების საგანი ხდება. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში რამდენიმე კომიტეტის გაფართოებულ სხდომაზე განიხილებოდა, სადაც ეკა სეფაშვილმა კითხვებით შს მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს მიმართა.

„პირველ რიგში, დიდი მადლობა ამ პაკეტის ასე დეტალურად და გასაგებად წარმოდგენისთვის. როგორც ვხედავთ, ეს საკანონმდებლო ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სავიზო პოლიტიკის გაუმჯობესებისა და დახვეწისთვის, ასევე უსაფრთხოების, რისკების მართვისა და მათი დაზღვევის თვალსაზრისით. თქვენს გამოსვლაში სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრჯერ ეს სავიზო პოლიტიკა და საქართველოს სახელმწიფოს მიერ თავშესაფრების მაძიებელთა მიმართ განხორციელებული ქმედებები სპეკულაციების საგანი ხდება, რაც საზოგადოებაში ზრდის პოლარიზაციას, ხდება დაპირისპირების საგანი და სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაციის მცდელობებისთვის გამოიყენება. ასევე, სამართლიანად აღნიშნეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ [რადიკალებს და მათთან აფილირებულ ადამიანებს], როგორც დავრწმუნდით მხოლოდ ერთი შემთხვევა არ არის, ხშირად ხდება ასე. სწორედ ამ რისკებიდან გამომდინარე, გთხოვთ საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტოთ, რამდენად ესადაგება ეს ცვლილებები ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას?

მოგეხსენებათ, ამ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი სპეკულაციები დაიწყო ქვეყანაში ჩანერგილი და აქვე გამოზრდილი აგენტების მხრიდან, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირი შეუწყვეტს უვიზო მიმოსვლას და ამისათვის ყველა ძალ - ღონეს იყენებენ და მათ შორის, ეს კანონ - პროექტიც შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ევროკავშირის სავიზო პოლიტიკისაგან გადახვევის ერთ - ერთი მცდელობა. რამდენად ეთანხმება ამ კანონით გათვალისწინებული ცვლილებები ევროკავშირის პოლიტიკას მიგრაციის, თავშესაფრის მაძიებლების მიმართ?

განმარტებით ბარათში წავიკითხე, რომ ჩვენ, ამ კანონმდებლობის დანერგვით ფაქტობრივად, ვახორციელებთ ევროკავშირის ერთ - ერთ დირექტივას, რომელიც ასოცირების შეთანხმებაში აღნიშნული არ არის, თუმცა საქართველო მაინც მიიჩნევს თავს ვალდებულად, რომ ამ დირექტივის დებულებებიც იქნეს ჩანერგილი ჩვენს ეროვნულ კანონმდებლობაში იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირის პოლიტიკას.

ასევე, ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით, როგორც ვიცით ევროკავშირი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშებს საქართველოში არსებული რეადმისიის შეთანხმების განხორციელების, თავშესაფრის მაძიებელთა, მიგრაციის პოლიტიკის და ა.შ შესახებ. ამ ანგარიშებში არსებული რეკომენდაციებიდან, რომელიმეს პასუხი ხომ არ არის ეს საკანონმდებლო ცვლილებები? თუ ამ ანგარიშებში არ არის რეკომენდაციები ამ მიმართულებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვცდილობთ დავნერგოთ ევროკავშირის სამართლებრივი სივრცისადმი სრულიად შესაბამისი და თანხვედრაში მყოფი სამართლებრივი გარემო, ვიღებთ ამ ცვლილებებს. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ უსაფრთხოება არის ის პირველი ამოცანა, რომელსაც ეს საკანონმდებლო ინიციატივა ისახავს მიზნად“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დეპუტატის კითხვაზე პასუხისას შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ სპეკულაციები ამ თემაზე ბევრი იყო და ამიტომ, გადაწყდა დაბალანსებული მიგრაციული ნაკადების პოლიტიკის შემუშავება.