„​ჩვენ ვართ მებრძოლი ერი და თავმოყვარეები, ეს არაერთხელ დავამტკიცეთ“ - სააკაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ეხმიანება

სააკაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას.

ყოფილ პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში სდებენ ბრალს. დაცვის მხარე პროცესზე გარკვეული შუამდგომლობების დაყენებას გეგმავს.

პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილიც ესწრება. მან უკვე ისარგებლა სიტყვითაც, რომელიც უკრაინაზე განცხადებებისთვის გამოიყენა.

„​ჩვენ ვართ მებრძოლი ერი და თავმოყვარეები, ეს არაერთხელ დავამტკიცეთ, მათ შორის 2008 წელს, როდესაც გადავარჩინეთ საქართველო. გუშინ გაისმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით აწოდებენ სამხედრო ნაწილებს რუსეთის არმიას. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია. უკრაინის დაზვერვა, როგორც წესი ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს, თვითონ, როგორც წესი არაფერს არ ამბობს. გია ლორთქიფანიძეს დააბრალეს, მაგრამ ის საერთოდ სხვა უწყებაში მუშაობს - კონტრდაზვერვაში და ეს არის თავდაცვის სამინისტრო, ორი სხვადასხვა უწყება, ქალაქის სხვადასხვა ადგილას, ერთმანეთთან გადაკვეთა არ აქვთ. მე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს მართალია, საქართველო არ შეიძლება ამაში მონაწილეობდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.