პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 მარტს, პატიმართან შეხვედრის შემდგომ, ქალაქ რუსთავში მდებარე N16 პენიტენციურიდაწესებულების გამოსასვლელთან იმყოფებოდა ადვოკატი შ.თ., რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეტალოდეტექტორის საშუალებით შეამოწმა ინსპექტორმა გ.გ-მ. შემოწმების პროცესში, გ.გ-სა და შ.თ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება. კონფლიქტისას, გ.გ-მ საკითხის გასარკვევად, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატი შეიყვანა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთათვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მისი ქმედების დაფიქსირება სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მეშვეობით. რამდენიმე წუთის შემდგომ, გ.გ და შ.თ. გამოვიდნენ ზემოხსენებული ოთახიდან, რა დროსაც, გ.გ.-მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და იგი შეაკავეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა.
გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს გ.გ-ს მიმართ პატიმრობის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გ.გ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, დამატებით, პროკურატურამ რეაგირების მიზნით მიმართა სპეციალური პენიტენციურ სამსახურს.
საქართველოს პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.