ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება. ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება. ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ბოლო დღეების განმავლობაში გამოიყენეს ყველა ის მეთოდი, რასაც “ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში, 9 წლის მანძილზე ყოფნის დროს იყენებდნენ.

“საინტერესოა, რომ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ წინა დღეების განმავლობაში საჯარო მოსამსახურეებს სამსახურიდან წამოსვლისკენ, ახლა პირიქით, მას შემდეგ, რაც ჩავარდა “ნაცმაიდანი“, მოუწოდებენ საჯარო მოსამსახურეებს, რომ არ დატოვონ საჯარო სამსახურები. ეს ქცევის ცვლილება თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე, თუმცა მე მინდა შეგახსენოთ, რომ თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება. ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან “ნაცმაიდნის“ მცდელობის გამო და იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში.

ამ ადამიანებმა ამ დღეების მანძილზე გამოიყენეს ყველა მეთოდი, რაც კი მათთვის იყო დამახასიათებელი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 9 წლის მანძილზე. ეს იყო ადამიანის ღირსების ხელყოფა, თქვენ ხედავდით როგორ მოქმედებდნენ ეს ადამიანები ამ დღეების განმავლობაში ადამიანების ღირსების წინააღმდეგ; ეს იყო ფიზიკური ძალადობა - როგორც იყენებდნენ ამ მეთოდს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ასევე მიმართავდნენ ამ მეთოდს ამ დღეების განმავლობაში უკვე ოპოზიციის რიგებიდან.

ეს არის საჯარო სამსახურის პოლიტიზების მცდელობა. თქვენ გახსოვთ, თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო საჯარო სამსახური მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ახლა ისინი ცდილობენ უკვე ოპოზიციის რიგებიდან საჯარო სამსახურის პოლიტიზებას. ეს არის განათლების სისტემის პოლიტიზების მცდელობა, თავიდან ბოლომდე პოლიტიზებული იყო როგორც სასკოლო ნაწილში, ასევე უმაღლესი განათლების სფეროში სისტემა, დღეს ისინი უკვე ცდილობდნენ განათლების სისტემის პოლიტიზებას.

ეს იყო ტელევიზიაში შეჭრა - თქვენ გახსოვთ, ეს იყო ერთ-ერთი მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, რამდენ ტელევიზიაში შეიჭრნენ, რამდენ ტელევიზიას დაეპატრონნენ ისინი უკანონოდ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ახლა ისინი უკვე ტელევიზიაში შეჭრას ცდილობდნენ ოპოზიციის რიგებიდან.

ეს იყო ბიზნესზე ზეწოლა, გაუგონარი ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა ხორციელდებოდა ბიზნესმენებზე ამ დღეების განმავლობაში.

და ბოლოს ეს იყო ომის იმიტაცია - თქვენ ხედავდით როგორი კადრები ვრცელდებოდა და ძალიან დიდი აჟიოტაჟით ავრცელებდა “ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული მედია ამ კადრებს, როდესაც კონკრეტული მომიტინგეები ტყვიამფრქვევებით ისროდნენ პიროტექნიკას პოლიციელების წინააღმდეგ და ამ ომის იმიტაციით აჟიტირებული იყო სრულიად “ნაცმოძრაობა“ და სრულიად “ნაცმედია“. ეს აჩვენებს მათ სახეს“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.