ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა -შალვა პაპუაშვილი

შალვა

„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ საბოლოო ჯამში ეს დამთავრდებოდა მათი დისკრედიტაციით და ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ წლების განმავლობაში ნაშენები სექტორი ასე უცებ ჩამოიშალა იმის გამო, რომ მათ საკუთარი პოლიტიკური პრეტენზიები ვერ მოთოკეს და პირდაპირ ჩაერთნენ პოლიტიკაში. აქვთ პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან  მონაწილე პოლიტიკური პროცესების“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გუშინდელმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ფაქტობრივად პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებდნენ. 

„გუშინდელი დღე იყო ამის პიკი, როდესაც ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩვეულებრივ, პოლიტიკურ პარტიებად იქცნენ ფაქტობრივად და ამიტომაც ვხედავთ, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც კი მოუწოდებენ მათ, რომ ალბათ დროა ისინი გადაკეთდნენ პოლიტიკურ პარტიებად. 

სამწუხაროა ეს. ჩვენ ამას ვხედავთ დიდი ხანია, მათ შორის, 2020 წლის არჩევნებმა აჩვენა ეს განსაკუთრებით, როდესაც თავად ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული იყო მანიპულაციაში. შეგახსენებთ პარალელური დათვლის მანიპულირებულ შედეგებს, როდესაც ერთი თვის განმავლობაში უმალავდა „სამართლიანი არჩევნები“ საზოგადოებას ნამდვილ შედეგებს. სანამ საგამოძიებო კომისია არ შეიქმნა პარლამენტში და ისინი იძულებული არ გახდნენ წარმოედგინათ ეს სია.  როცა წარმოადგინეს, ნახა კომისიამ რომ ეს იყო ტყუილი, თითქოს უბნების 8 პროცენტში იყო მეტობა.აქედან გამომდინარე, ეს არის ის ბუნებრივი დასასრული იმ პროცესისა, რაშიც ისინი შესული იყვნენ, რომ ისინი საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად.პრობლემა ის კი არ არის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს რომელიმე ორგანიზაციას. პრობლემა ყოველთვის არის ის, როდესაც საქმე გვაქვს ფარსთან, როდესაც ამოფარებული არის ერთ სურათს, თითქოს ეს არის მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ორგანიზაცია და სინამდვილეში ეს არის საკუთარი დღის წესრიგის მქონე ორგანიზაცია, რომელსაც ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს  სამოქალაქო საზოგადოებასთან“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.