1738097469
ჩემს მიერ არანაირი პერსონალური ინფორმაცია გაჟღერებული არ ყოფილა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნური, დაველოდოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებას - ლევან იოსელიანი
მე აღვნიშნე მხოლოდ ფაქტი, არანაირი სტიგმა არ გამიღრმავებია. ამაზე ვსაუბრობ ჩემი არჩევის პირველივე დღიდან, შესაბამისად ეს არის ფაქტი, რაზეც მე ვისაუბრე და დღესაც მივიჩნევ, რომ იქ, სადაც არიან არასრულწლოვნები, ბავშვები არიან, იმ შენობაში მეტადონის პროგრამა არ უნდა ხორციელდებოდეს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, არანაირი პერსონალური ინფორმაციის გაჟღერებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
„არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს რომელიმე ჯგუფის მიმართ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ზოგადად, არც ერთი ჯგუფის მიმართ რაიმე განსაკუთრებული ნეგატიური დამოკიდებულება არ გამაჩნია და არც შეიძლება გამაჩნდეს. ძალიან კარგად მესმის ამ ადამიანების საჭიროებები და ძალიან კარგად მესმის ამ პროგრამის საჭიროებაც. ვფიქრობ, რომ ეს აჟიოტაჟი იყო აბსოლუტურად ხელოვნური, რადგან არანაირი პერსონალური ინფორმაცია ჩემს მიერ გაჟღერებული არ ყოფილა. მოხარული ვარ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა დაიწყო შესწავლა და ალბათ ის გასცემს პასუხს, ადგილი ჰქონდა თუ არა პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას. დაველოდოთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა იოსელიანმა.