ჩემი შვილი საოპერაციო იყო და უნდა გაეყვანათ, მაგრამ მუხაძე ("ქილერა") უარს ამბობდა გაყვანაზე, ერთი თვე აწამა ამ ტკივილებით, არც "რეზბალნიციდან" გაუშვა - ნანა ქადაგიშვილი

ნანა ქადაგიშვილი

"ტატიშვილის კლინიკიდან ექიმი შევიყვანე "რეზბალნიცაზე" ექოსკოპიით, დადგინდა, რომ ჩემი შვილი საოპერაციო იყო და უნდა გაეყვანათ, მაგრამ მუხაძე ("ქილერა") უარს ამბობდა გაყვანაზე, ჩვენ ექიმები გვყავს აქ, თუ არადა, თქვენი ექიმებიც მოვიდნენ და აქ გავუკეთებთ ოპერაციასო", - ამის შესახებ, დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ალექსანდრე მუხაძეს ("ქილერა") ციხის კართან დახვდა და ბოლოს შეძლო, შვილი საოპერაციოდ გაეყვანა, თუმცა, ოპერაციიდან მეორე დღესვე უკან დააბრუნეს.

"ამაზე არც ჩემი შვილი დათანხმდა და არც მე დავთანხმდი, იმიტომ, რომ უკვე ვიცოდით, რა ხდებოდა იქ ოპერაციების დროს და ერთი თვე აწამა ამ ტკივილებით, არც "რეზბალნიციდან" გაუშვა. ბოლოს, მუხაძეს ციხის კართან დავხვდი დილით ადრე და ვუთხარი, ყველაფერს მე გადავიხდი, ბოლოსდაბოლოს ადამიანი ხომ ხარ, გამოვიყვან, ახალგაზრდა ბიჭი ცოდოა, არ გეცოდება-მეთქი? მაშინ, განცხადება დაწერეთ, რომ თქვენ ამ თანხას იხდითო, კი-მეთქი, ეს თუ პრობლემა იყო, ამდენ ხანსაც გადავიხდიდი. გავიყვანეთ და ოპერაციის შემდეგ ერთი დღე დატოვეს საავადმყოფოში, მეორე დღეს უკვე გადმოიყვანეს, თუმცა, ძალიან ვეხვეწე, ორი-სამი დღე დაეტოვებინათ. ახლა რომ გორაობს ის [სააკაშვილი] "ვივამედის" კლინიკაში, ეგრე კი არ იყო, მეორე დღესვე გადმოიყვანეს ჩემი ნაოპერაციები შვილი," - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ოპერაციის შემდეგ, შვილთან კონტაქტი საერთოდ აღარ ჰქონდა, თუმცა, ერთ დღეს მას უკვე დაკავებულმა სულხან მოლაშვილმა დაურეკა და დაამშვიდა, რომ დავით მირცხულავასთან ერთად, ის უვლიდან ქადაგიშვილის ნაოპერაციებ შვილს და ნემსებსაც ისინი უკეთებდნენ. ამის მიუხედავად, არჩილ ქადაგიშვილი B ჰეპატიტით მაინც დაავადდა, მას ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უკვე მეოთხე სტადიის ციროზი ჰქონდა და ამ დაავადების შედეგად გარდაიცვალა.

"შემდეგ საერთოდ აღარ მქონდა ჩემს შვილთან კონტაქტი, ძალიან ვნერვიულობდი, დილით მივდიოდი, შუაღამით მოვდიოდი, მაინც ვერავისგან ვერაფერს ვიგებდი და ბოლოს ზარი გაისმა ჩემს ტელეფონზე, მირეკავს სულხან მოლაშვილი და მეუბნება, რომ ქალბატონო ნანა, არ ინერვიულოთ, მე და დათო [დავით მირცხულავა] ვუვლით მას, ნემსებსაც ჩვენ ვუკეთებთო. ვიცი, რაზეც ნერვიულობთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, არ მივაკარებთო და ყველაფერს ისინი უკეთებდნენ. ასე გადარჩა აჩიკო იმ დროს, მაგრამ ბე ჰეპატიტი მაინც შეყარეს მას. დაიღუპა ბე ჰეპატიტის შედეგად, ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე მეოთხე სტადია ციროზი ჰქონდა", - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.