ქარბუქი, წვიმა, თოვლი - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
1738586121
ჩემი მოწოდებაა ყველა სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც საქართველოში ხარჯავენ ფულს, გადაამოწმონ რაში იხარჯება მათი გადასახადების გადამხდელების ფული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის მაგალითი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია აძლევს სხვა ქვეყნებს, მათაც მიბაძონ.
„უპირველეს ყოვლისა ხაზგასასმელია და დამაიმედებელია ის ტენდენციები, რასაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან. ის, რაზეც ჩვენ ბოლო რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, იმაზე, თუ როგორ მავნე ქმედებებთან გვაქვს საქმე ზოგიერთი დონორის მხრიდან, ან ზოგიერთი დონორის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციის ნაბიჯებით, ამ ყველაფერზე დღეს უკვე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თავად პრეზიდენტი. გახსოვთ თქვენ, რომ წლებია ვსაუბრობდი USAID-ან დაკავშირებით, NED-ან დაკავშირებით. განსაკუთრებით ეს შეეხებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებას „ისფედის“ მხრიდან, რომელშიც ჩართული იყო USAID-ის ადგილობრივი ხელმძღვანელობა, რომელიც პირდაპირ გვატყუებდა, რომ მონაცემები იყო სწორი და შემდეგ გაირკვა „ისფედის“ აღიარებითვე, რომ USAID-აც იცოდა, რომ ეს იყო მცდარი ინფორმაციები. მაქვს დიდი ეჭვი, რომ ასევე მაშინდელმა ელჩმაც იცოდა, რომ ყალბი რიცხვები იყო პარალელური დათვლის შედეგებისა და თავისი სტატუსის მიუხედავად, რომ ის მედიატორის როლს ასრულებდა, მალავდა ამ მონაცემებს.
რა შეეხება სხვა ქვეყნებს, ის მაგალითი, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია აძლევს სხვა ქვეყნებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქვეყნებმა ამ მაგალითს მიბაძონ. თუკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაფინანსებული პროექტების კეთილსინდისიერებას, ქვეყანა, რომელიც არის ყველაზე დიდი დონორი ყველა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში, აქ, რა თქმა უნდა, წარმოიშობა ეჭვი, რომ სხვა ქვეყნებშიც, შესაძლოა სხვა ქვეყნების დაფინანსებაშიც არსებობდეს ასეთი არაკეთილსინდისიერი მიმართულებები თუ მიზნები.
ამიტომ, ჩემი მოწოდებაა ყველა სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც საქართველოში ხარჯავენ ფულს, რომ გადაამოწმონ რაში იხარჯება მათი გადასახადების გადამხდელების ფული. თუკი ამდენი არაეფექტიანი ხარჯვაა, ამდენი მავნებლური ხარჯვაა, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისგან ვისმენთ, გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, აქ ალბათობა იმისა, რომ სხვა ქვეყნების ხარჯებშიც იქნება ასეთი მავნებლური პროექტები, არის დიდი. ზოგიერთი მაგალითი ისედაც ვიცით, სულ ბოლო მაგალითი იყო, როდესაც დანიის სახელმწიფო წინასაარჩევნო კამპანიას აფინანსებდა „ენჯეოს“ საფარქვეშ მოქმედ პოლიტიკურ ძალასთან. შეგახსენებთ, „ლელოს“ მოკავშირე „თავისუფლების მოედანი“, რომელსაც უფინანსებდა პირდაპირ საარჩევნო კამპანიას და ჩვენი დიდი მცდელობის, ხმაურის შემდეგ ჩახსნა მხოლოდ ეს დაფინანსება, რომელიც, ამავდროულად უკანონო დაფინანსება იყო“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.