ჩემი მხრიდან ამ ორგანიზაციისადმი ნდობა, რა თქმა უნდა, არის ნულოვანი - შალვა პაპუაშვილი „ემპათიაზე“

პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის თქმით, მას „ემპათიასადმი“ ნულოვანი ნდობა აქვს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიაში განაცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.

„რაც შეეხება ცენტრ „ემპათიას“, ჩვენ გვახსოვს ეს ორგანიზაცია ჯერ კიდევ ბაჩალიაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებიდან. სიყალბეს ჰქონდა მათი მხრიდან ადგილი. ყველამ გაიხსენოს რა ე.წ. ექსპერტულ მოსაზრებებს ახმოვანებდა მაშინ „ემპათიის“ ხელმძღვანელობა. საბოლოო ჯამში, ყველამ ვნახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტური სიყალბე. ამიტომ ჩემი მხრიდან, ამ ორგანიზაციისადმი ნდობა, რა თქმა უნდა, არის ნულოვანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც „ქრონიკამ“ გაარკვია, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგის შეფასება არ დევს. არადა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს და აუცილებელია პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა. ასევე, ნათქვამია, რომ ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არ არის, რადგან ჯერ არ ჩამოსულა.