„ბულინგის ენა გრძელდება ამ უსამშობლოების, მათი დამქაშებისა და მათი დაქირავებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან“ - ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

"ლიბერალური ფაშიზმის მორიგი ფაქტი", - ასე აფასებს მმართველი გუნდი სტრასბურგში, ქართული დელეგაციის წევრებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მარი კაიშაური, რომელიც ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, "ქართული ოცნების" დელეგაციის წევრებს, ქუჩაში, სასტუმროსთან და ერთ-ერთ კაფეში დახვდა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი კირცხალიას მტკიცებით, მარი კაიშაური, რომელმაც ქართულ დელეგაციას შეურაცხყოფა მიაყენა, ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია.

"ბულინგის ენა გრძელდება ამ უსამშობლოების, მათი დამქაშებისა და მათი დაქირავებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან. მინდა, სახელით და გვარებით გადაამოწმოთ, მგონი ცოლ-ქმარნი არიან, რომლებიც აფილირებულები არიან კოლექტიურ "ნაცმოძრაობასთან". კერძოდ, ერთ-ერთი, თუ არ ვცდები, ჩერგოლეიშვილის დროიდან იქ მუშაობს. დამკვირვებელიც იყო ის ქალბატონი, რომელიც ასე უზრდელად გამოხატავს ვითომ აღშფოთებული მოქალაქის აზრს. მათ ვეძახი ეთნიკურად ქართველებს იმიტომ, რომ სხვას ვერაფერს ვერ დავუძახებ. ვითომ, გამოხატავენ საზოგადოების აზრს. ნამდვილად ვერ ერკვევიან არითმეტიკაში და ქალბატონმა წულუკიანმა ძალიან კარგად მიუგო - პირველ რიგში არითმეტიკაში გაერკვიეთ და შემდეგ ისაუბრეთ ქართველი ხალხის სახელითო. დამერწმუნეთ, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" პარტაქტივის წევრი ქართველი ხალხის სახელით ვერ დამელაპარაკება, ისევე, როგორც გიგაური ვერ დამელაპარაკება ქართველების სახელით", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.