ბრალდებები, რომ EU ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია - სალომე ზურაბიშვილი

ევროდელეგაცია

„ბრალდებები, რომ EU ჩვენგან მეორე ფრონტს და ომს ელოდება, მიუღებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა  ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტმა მიმართა ხელისუფლებას და განაცხადა, რომ  არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას.

„საჭიროა, რომ ჩვენ გადავიდეთ ერთმანეთთან ჭიდილიდან, რომელიც არა მხოლოდ შიგნით არის, არამედ გარეთაცაა და ჩვენ მოგვისმენია ევროპარლამენტარებთან ერთგვარი პინგპონგი, მე ისიც ვთქვი, რომ შეიძლება ზოგჯერ სჯობდეს, რომ პასუხები არ იყოს და მოვუწოდე, რომ გადავიყვანოთ ეს დიალოგი სხვა ფორმებში, მაგრამ მივმართავ ხელისუფლებას, არის რაღაცები რაც არ შეიძლება ითქვას, არის რაღაც ბრალდებები, მაგალითად იმაზე, რომ ევროკავშირი ჩვენგან ელოდება მეორე ფრონტს და ომს, ეს არის მიუღებელი. არ შეიძლება ამ პირობებში დავიწყოთ რაიმე სახის დიალოგი იმ ადამიანებთან, რომლებიც აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ყველანაირად გვაჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ამ ჩვენ ძალიან რთულ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, 12 პუნქტზე მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში.

„ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანი არის. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ხაზს უსვამს ასევე ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში.

ჩვენ უნდა გვესმოდეს და ალბათ, ეს არის მთავარი ამ ქვეყნისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე, ევროპული საბჭოს მიერ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც უკან დახევა არ იქნება. ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსი ვიყოთ. მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რაზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.