ბოჟაძე არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებზე: რაც არ არსებობს ბუნებაში, ვერ წარუდგენდნენ ვერც პროკურატურას, ვერ წარუდგინეს ვერც საზოგადოებას და ვერც ჩვენს პარტნიორებს

ვლადიმერ

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის შუალედურ ინფორმაციაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რაც არ არსებობს, იმას პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას ვერ წარუდგენდნენ.

„რაც არ არსებობს ბუნებაში, იმას, რა თქმა უნდა, ვერ მიაწოდებდა, ვგულისხმობ მტკიცებულებებს სავარაუდო გაყალბების, ვერ პოლიტიკური ორგანიზაციები და ვერც სამოქალაქო სექტორი, რომელიც ათასობით დამკვირვებლით აკვირდებოდა ამ პროცესს. კარგად გახსოვთ 26 ოქტომბრის საღამო, როცა არჩევნების დასრულებისთანავე ოპოზიციამ თავი გამარჯვებულად გამოაცხადა და მთელი დღის განმავლობაში არანაირი მინიშნება, რომ არჩევნებზე რამე დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მათი მხრიდან არ ყოფილა. კომისიის 17 წევრიდან 8 წევრი ჰყავდა ოპოზიციას, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ საარჩევნო პროცედურებს. ამ პროცესს პოლიტიკური პარტიების 25 ათასზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, 25 ათასზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი. 3 ათასზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, მათ შორის ყველაზე დიდი მისიით იყო ეუთო და ეუთოს დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, ყველა პარტიას ჰქონდა საშუალება, ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. აქედან გამომდინარე, რაც ბუნებაში არ არსებობს, ვერ წარუდგენდნენ ვერც პროკურატურას, ვერ წარუდგინეს ვერც საზოგადოებას - ორ თვეზე მეტი გავიდა არჩევნებიდან და ვერც ჩვენს პარტნიორებს”, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პროკურატურა აცხადებს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმეთა უმეტესმა ნაწილმა გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი სახის მტკიცებულება და მათი არგუმენტაცია მხოლოდ მესამე პირების მიერ მიწოდებულ დაუზუსტებელ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ცალკეულმა მოწმეებმა კი გამოძიებას განუცხადეს, რომ მათ მიერ გაკეთებული განცხადებები არჩევნების გაყალბების კონკრეტულ ფაქტებზე ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.