ბიძინა ივანიშვილი მართვაში მონაწილეობას არ იღებს, ამის აუცილებლობა არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება - გია ვოლსკი

გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მართვაში მონაწილეობას არ იღებს და ამის აუცილებლობა არც ახლა არსებობს და არც მომავალში იქნება, რადგან ხელისუფლებას საკმარისი რესურსები აქვს იმისთვის, რათა ქვეყანაში სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოს და არ დაუშვას ცეცხლის ალის გადმოტანა, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში ბოლო პერიოდში ბობოქრობს.

„ბიძინა ივანიშვილის მიმართ და არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ ზოგადად, საქართველოს მიმართ სანქციების შემოტანა და უარყოფითი დამოკიდებულების გამოვლენა დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ეს იყო, არის და იქნება ის სტრატეგია, რომელიც „ნაცმოძრაობა“ გააჩნია, რომელსაც საკუთარ მმართველობაში ევროპული სტანდარტის არც ერთი ნიშანი არ ჰქონდა. მათ ბიძინა ივანიშვილი წარმოუდგენიათ, როგორც მთავარი წინააღმდეგობა მათსა და ხელისუფლებას შორის და ყველანაირი ხერხით იქნება გაგრძელებული მის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის ისეთი ხერხებით, როგორიცაა დეზინფორმაცია, ფეიკნიუსების გავრცელება, ლობისტების მოზიდვა. ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება მოსალოდნელი არ არის, რადგან ნებისმიერი ობიექტური ანალიზი გვაჩვენებს, რომ ის ამას არათუ არ იმსახურებს, არამედ ეს სერიოზული დარტყმა იქნება იმ პროექტებზე, რომელიც საზოგადოებას სჭირდება“, – აღნიშნავს დეპუტატი.

ვოლსკის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია, მას საკმაოდ ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული და ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა და არ შეიძლება, ამ მეთოდით იყოს შეყვანილი პოლიტიკურ ასპარეზზე.

„მთავრობას საკმაო რესურსი გააჩნია, რომ სიტუაცია მართოს. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი არ არის. ის ყოველთვის გვერდში ედგა და დაუდგება სახელმწიფოს, მათ შორის შესანიშნავ პროექტებს ახორციელებდა და დიდი დანახარჯები აქვს გაწეული, რომ 2004 წლიდან ახალი მთავრობისთვის შეენარჩუნებინა სტაბილურობა, გაეძლიერებინა ქართული ჯარი, ქართული პოლიცია ჩამოეყალიბებინა და უამრავი რამ აქვს გაკეთებული. მცირედიდან დაიწყო და მისი ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოს ინტერესებისკენ არის მიმართული“, – დასძინა ვოლსკიმ.