ბიძინა გიორგობიანი: ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ - მოიშალა და მოირღვა ყველაფერი ერთად

ბიზინა გიორგობიანი

დიდმა ბრიტანეთმა გუშინვე ამოიღო სასანქციო სიიდან ნავთობსადენი „დრუჟბა“ და თვითონ ვაჭრობენ [რუსეთთან]. საქართველომ რა ხაზინა უნდა შეუვსოს რუსეთს, რამდენი კონტეინერი ღვინო გადის რუსეთში, ალბათ სულ ეს არის და იქიდან ჩვენ ვიღებთ ენერგო მატარებლებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა იმ ელჩების განცხადებების შეფასებისას, რომლებიც საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ.

მისი შეფასებით, ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს მოტივი, რომ საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები აამოქმედონ. მისივე თქმით, ქართული საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალა, ქართველმა ხალხმა ამ პერიოდში ძალიან ბევრი ისწავლა და მათთვის ამა თუ იმ ელჩის განცხადებას „შოკის ეფექტი“ აღარ აქვს.

„ეს არის უბრალოდ საბაბი იმისთვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენონ რაღაცა სანქციები, სადამსჯელო მეთოდები. ისინი მიყვებიან იმ დღის წესრიგს, რომელიც ჰქონდათ, ახალი ვერ მოიგონეს. საქართველოს მოსახლეობა ძალიან გამოიბრძმიდა ბოლო წლებში, მით უმეტეს, როდესაც ჩვენს სახეზე გვაქვს უკრაინის ტრაგიკული მაგალითი. ძალიან ბევრი რამე ისწავლა საქართველოს მოსახლეობამ და საქართველოს პოლიტიკური კლასი ძალიან დაბრძენდა. მხედველობაში არ მაქვს ქვეყნის მეხუთე კოლონა, რომელსაც უხარია ბრიუსელის ბიუროკრატიის თუ დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ყველა ნაბიჯი. ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ ძალიან ბევრი ისწავლა და საქართველოს მოსახლეობაზე შოკის ეფექტი აღარ აქვს ამას, რომ ვაიმე, ბრიტანეთის ელჩმა ასე თქვა, იმ ელჩმა ისე და ა.შ. თქვენ ნახეთ ალბათ ესტონეთის ელჩი, რომელიც მივიდა უმაღლეს სასწავლებელში და ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის გარეშე საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერია. ამას ჩვენ შევეჩვიეთ და უკვე საზოგადოება სხვანაირად აღიქვამს. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ყველაფრისათვის, ვინაიდან, თანამედროვე მსოფლიოში აღარ არის აღარც ღირებულებები ძალაში, აღარ არის არც ის წესრიგი, რომელზედაც ჩვენ გავიზარდეთ და რომელიც ჩვენ გვეგონა, რომ მარადიული იყო - მოიშალა და მოირღვა ყველაფერი ერთად. ვიდრე არ შეიქმნება დიდი სახელმწიფოების მიერ ახალი წესრიგი და ახალი თამაშის წესები, მანამდე ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენ ეს ისტორიულად გაგვიკეთებია და გავაკეთებთ კიდევაც წარმატებით“, - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.