1762807115
ბერდია სიჭინავა: ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებზე გავეცანით ბრალის დადგენილებებს, სიგიჟეა, რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს
ჩორჩანას საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
ბერდია სიჭინავას თქმით, ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით უკვე გაეცნენ ბრალის შესახებ დადგენილებებს.
„ორ საქმესთან დაკავშირებით მოხდა ჩვენთვის ბრალის შესახებ დადგენილების გაცნობა. ერთი ეხება ჩორჩანას და მეორე 20 ივნისთან დაკავშირებული საქმეა. ჩორჩანასთან დაკავშირებით გავეცანით საქმის მასალებს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და სამის ნახევარზე ჩანიშნულია სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
ჩორჩანას საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს იქნება საქმე, რომელიც აუცილებლად დამოკლეს მახვილივით დაეკიდება თითოეული იმ ადამიანის თავზე, რომელმაც ამ საქმეში მიიღო მონაწილეობა. ეს არის ეროვნული ინტერესების ღალატი, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა. ეს საქმე იწყება არარსებული „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებით, რაღაც დამბეზღებელი ტონით, უსაფუძვლო მტკიცებულებების გარეშე ბრალდებების გაჟღერებით, გრძელდება ცრუ მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებებით, როგორებიც არიან სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც თავად იყვნენ მათ შორის პასუხისმგებელი, ასეთი სენსიტიური და მგრძნობიარე თუ იყო ეს საკითხი, რეაგირება მოეხდინათ. წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგუშაგოს აღმართვის შესახებ გაიგო ცხინვალის საოკუპაციო მარიონეტული რეჟიმისგან, ეს იმდენად აბსურდულია, რომ თუ ასეთი მოხდა, პირდაპირ მიუთითებს დისფუნქციურობასა და კონკრეტულ დანაშაულზე, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას განმარტებით, სანდოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით, თანამდებობის პირთა ჩვენებები ვერ იქნება სანდო და პირდაპირი ფორმით მიუთითებს პოლიტიკურ მოტივაციაზე.
„ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების ობიექტია გიორგი გახარია. რა თქმა უნდა, ყველა შიდა მექანიზმს გამოიყენებს ჩვენი პარტია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დადგინდეს, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოში“, – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას თქმით, 20 ივნისთან დაკავშირებით საქმის მასალები საკმაოდ მოცულობითია.
„ძირითადი ალბათ მაკულატურაა, თუმცა 20 ივნისზე წაყენებულ ბრალზე რაც შემიძლია გითხრათ, სამართლებრივი სიგიჟეა – არის ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების ორგანიზება, ოღონდ ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანება გამოიწვია რეზინის ტყვიების გამოყენებამ, კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნებით ასეა მითითებული, თუმცა ამავე ბრალში დასტურდება, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას მხრიდან არ არის გაცემული. მათ შორის, ამ საქმეზე დიდ პალატას, სტრასბურგის სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება. თუ მიადევნებდით თვალს ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში ამ საქმის განხილვას, სახელმწიფოს პოზიციები რა იყო, მათ შორის დაზარალებული მხარისა და მისი წარმომადგენლების – პირდაპირ მიუთითებდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, კონკრეტულ შემთხვევებში გახარია ბრალეულობა არ იყო გამოკვეთილი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, პროკურატურა გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარის შუამდგომლობა კი იქნება, რომ გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ იქნას გამოყენებული.
„არანაირ გირაოს არ ითხოვს ჩვენი მხარე, ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით არ იყოს გამოყენებული არცერთი სახის აღკვეთი ღონისძიება, რადგან სახეზე არ არის დანაშაული. გიორგი გახარიამ პირველივე დღიდან იცოდა, რომ მის მიმართ არაფორმალურად სამართლებრივი დევნა მიმდინარეობდა. ეს უბრალოდ ფურცელზე გადაიტანეს და გააფორმალურეს. ეს მისთვის სიახლე არ ყოფილა, მოსალოდნელი იყო. სიგიჟეა, რასაც მას ედავებიან და არ აღიარებს დანაშაულს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
კითხვაზე, „გიორგი გახარია ხომ არ განიხილავს ჩამოსვლას?“, – ბერდია სიჭინავამ უპასუხა: „რავიცი, ვნახოთ“.
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს.











