ბექა ძამაშვილი ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: გადაწყვეტილების მიმღებს საერთოდ არ სურდა რაიმეს დასაბუთება, პირიქით, შეიძლება მიზანიც ეს იყო - ეჩვენებინა, რომ მათ ასე სურთ და ასე გადაწყვიტეს

ბექა ძამაშვილი

გადაწყვეტილების მიმღებს საერთოდ არ სურდა რაიმეს დასაბუთება, პირიქით, შეიძლება მიზანიც ეს იყო, რომ ეჩვენებინა - მათ ასე სურთ და ასე გადაწყვიტეს, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა, დიდი ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ელემენტარული სტანდარტია, რომ პოლიტიკური ორგანო არ უნდა იღებდეს ამ გადაწყვეტილებას და მინიმუმ სასამართლო ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს.

„პირველი, დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოში ძალიან იშვიათად მოიძებნება, მათ შორის უკიდურესად არადემოკრატიულად მიჩნეულ სახელმწიფოებშიც კი, რომ ასე ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებით, მცდელობა იყოს მედიასაშუალების საქმიანობა შეიზღუდოს მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ვიღაცისთვის მიუღებელია ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ამ მედიასაშუალების მიერ. რომც მოვიძიოთ ასეთი მაგალითი, როგორც მინიმუმ გარკვეული პროცედურების დაცვა ხდება ხოლმე. შესაძლოა, რაღაც კითხვა დაუსვან, რომ რაღაც წესს ვერ იცავს, რაღაც რეგულაციას ვერ იცავს, შემდეგ სასამართლო ერთვება ამ ყველაფერში და თავად მედიასაშუალებას აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიციაც დააფიქსიროს. ესეც რომ დავივიწყოთ, როგორც მინიმუმ ხომ უნდა იყოს თვითონ გადაწყვეტილება ისე მაინც დასაბუთებული, რომ მისი ადრესატი ხვდებოდეს, რამ გამოიწვია ეს გადაწყვეტილება?! რას ეფუძნება ეს კონკრეტული სანქცია. არის მოცემული სულ რამდენიმე წინადადება, რომლიდანაც რა თქმა უნდა არა თუ ვერაფერს გაიგებს ადრესატი და საზოგადოება, უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება. ამ მინიმუმ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს, რომ თქვენ, მედიასაშუალებებმა რომ გადაწყვიტოთ თქვენი უფლებების დაცვა, მინიმუმ უნდა იცოდეთ კონკრეტულად, რომელ სიუჟეტზე, რომელ გადაცემებზე გედავებიან. ეს ელემენტარული სტანდარტიც არ არის დაცული, რაც მინიმუმის მინიმუმი შეიძლება იყოს ყველა სახელმწიფოში.

ამ შემთხვევაში მედიის შეზღუდვის მცდელობა არის სხვა სახელმწიფოში. ანუ ერთი სახელმწიფო წყვეტს, რომ სხვა სახელმწიფოში მოქმედი მედიასაშუალება შეიზღუდოს. ესეც რა თქმა უნდა უნიკალური შემთხვევაა.

და მეხუთე ფაქტორი შეიძლება გამოვყოთ, რომ მიზეზი, რაც დასახელებულია არის ის, რომ თვითონ ამ სახელმწიფოს კი არ ეხება, გაერთიანებულ სამეფოს კი არ შეუქმნა რაღაც დისკომფორტი, ისინი კი არ ამბობენ, რომ მათ სახელმწიფო ინტერესებს დაუპირისპირდა, საუბარი არის საერთოდ მესამე სახელმწიფოზე.

ანუ ცალკე აღებული ეს ფაქტორები იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ გვეთქვა, რამდენად გასულია ადამიანის უფლებების სივრციდან, სამართლებრივი სივრციდან ეს გადაწყვეტილება და ეს ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, უნიკალურს ხდის ამ გადაწყვეტილებას. ძალიან მარტივად შეიძლება იმის თქმა, რომ გადაწყვეტილების მიმღებს საერთოდ არ სურდა რაიმეს დასაბუთება, პირიქით, შეიძლება მიზანიც ეს იყო - ეჩვენებინა, რომ მათ ასე სურთ და ასე გადაწყვიტეს.

საუბარია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე და მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვაზე ხომ, მცდელობა ეს იყო.

ყველა ასეთ შემთხვევაში ელემენტარული სტანდარტი არის, რომ პოლიტიკური ორგანო არ უნდა იღებდეს ამ გადაწყვეტილებას და მინიმუმ სასამართლო ზედამხედველობა უნდა ხორციელდებოდეს“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.