რა ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში - ცის გახსნის მოლოდინი, უწყვეტი სპეცოპერაცია, ურთიერთმუქარები და გლოვა

ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ირანზე განხორციელებული დარტყმების დროს 48 ირანელი ლიდერი დაიღუპა, - აცხადებს დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, რომ არა ოპერაცია „ეპიკური რისხვა“, ირანს 2 კვირაში ბირთვული იარაღი ექნებოდა.

ტრამპმა სამხედრო ოპერაციისას დაღუპული სამი ამერიკელი სამხედრო „ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, მსხვერპლი კიდევ იქნება.

მისივე თქმით, ამერიკა „შურს იძიებს“ დაღუპულების გამო და ირანის რეჟიმს „ყველაზე მძიმე დარტყმას“ მიაყენებს.

მან ასევე, განაცხადა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა, სამხედროებმა და პოლიციამ იარაღი უნდა დაყარონ.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს, ირანის სამხედროებსა და პოლიციას, დაყარეთ იარაღი და მიიღეთ სრული იმუნიტეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალი სიკვდილი გელით. ეს ნამდვილად გარდაუვალი იქნება“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ რადიკალური ზომების მიუხედავად აშშ ვერ მიაღწევს საკუთარ მიზანს.

აბას არაღჩი ხაზგასმით ამბობს იმასაც, რომ თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს.

ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების ახალი ტალღა გაუშვა. ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში იყო გამოცხადებული.

მედიკოსების თქმით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ისრაელის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით, ირანის მიერ გაშვებულმა რაკეტამ იერუსალიმის ერთ-ერთ უბანს დაარტყა. დაიჭრა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი.

როგორც CNN-ი წერს, ირანის საპასუხო დარტყმების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა რაკეტა იერუსალიმის მიმართულებით გაუშვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანის სამხრეთით მდებარე სოფლების მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვენ.

ლიბანის ჯანდაცვა იუწყება, რომ ისრაელის იერიშს 31 ადამიანი ემსხვერპლა.

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში კიდევ 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ დუბაიში და დუბაიდან ყველა ოპერაცია ადგილობრივი დროით 2 მარტის 15:00 საათამდე შეჩერდა.

„კატარის ავიახაზებმა“ განაცხადა, რომ ოპერირებას განაახლებს მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს.

„ეთიჰადის“ ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით და აბუ დაბიდან რეისები, ადგილობრივი დროით, ორშაბათის ორ საათამდე შეჩერდა. სპეციალური განცხადება გაავრცელა ავიაკომპანია Wizz Air-მაც. კომპანიაში აცხადებენ, რომ 7 მარტის ჩათვლით, საუდის არაბეთის მიმართულებით დაგეგმილ რეისებს აუქმებს.

მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა თეირანში. ისრაელისა და შეერთებული შტატების ერთობლივი იერიშის შედეგად ირანის დედაქალაქის რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა; დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობის ნაწილიც.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი აცხადებს, რომ ირანი „შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს“.

ლარიჯანიმ გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და განაცხადა, რომ მან „ყალბი იმედებით რეგიონი ქაოსში ჩაძირა“ და ახლა ამერიკელი სამხედროების მსხვერპლის გამო ღელავს.

„მან საკუთარი სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ გადააქცია „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“ და ამერიკელი ჯარისკაცები შესწირა ისრაელის ძალაუფლებისადმი სწრაფვას“,- აღნიშნა ლარიჯანიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ხამენეის გზა „გაგრძელდება“. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.

ისრაელისა და შეერთებული შტატების ავიაციამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინას, ასევე თეირანში სამხედრო ობიექტებს და ბენდერ-ე-ჩაბაჰარის პორტს დაარტყა.

თავრიზში იერიში მიიტანეს ეფ-4 და ეფ-5 კლასის ირანულ ავიაგამანადგურებლებზე, რომლებიც, ცაჰალის ცნობით, ისრაელზე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.

დაიბომბა ირანის კონარაკის ბაზა, რის შედეგადაც განადგურდა დრონები, საკრეისერო რაკეტების საცავი ბუნკერი, ჩაიძირა სამხედრო ხომალდი.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებმა თეირანში საელჩო დახურა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბაჰრეინმა, იორდანიამ, ქუვეითმა, კატარმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ირანის მიერ მეზობელ ქვეყნებზე განხორციელებული სარაკეტო და დრონებით თავდასხმები დაგმეს.

„ისლამური რესპუბლიკის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის დატოვების მსურველებს შეუძლიათ ისრაელის სახელმწიფოს დატოვება სახმელეთო გზით - ეგვიპტის ან იორდანიის გავლით.