„ბატონი ანრი არის იდეალური კანდიდატი, რომელსაც სამ სიტყვაში დავახასიათებდი - პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და გამჭვირვალობა“ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ხვალიდან იწყება პარლამენტში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პროცედურები. პარასკევის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა, პირველ ეტაპზე, კენჭი უნდა უყარონ ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას სუს-ის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე, ორ კვირაში კი სესიაზე უკვე კენჭისყრაზე დადგება მთავრობის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცალ-ცალკე უწყებები გახდებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები.

რეგიონულ განვითარებას სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს; ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე რჩება ირაკლი ქარსელაძე. ანრი ოხანაშვილს კი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე პაატა სალია შეცვლის.

"ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ცვლილებები მთავრობის მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის.

"გრიგოლ ლილუაშვილს, რომელმაც უზარმაზარი სამუშაო გაწია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ყველას მოგეხსენებათ, რომ შემოდგომაზე უკვე უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა, კანონით ასეა განსაზღვრული, რომ მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება სუს-ის უფროსის არჩევა და შესაბამისად, ახალი სამინისტრო ჩამოყალიბდება რეგიონალური განვითარების მიმართულებით და იგი გადაინაცვლებს. ბატონი ანრი [ოხანაშვილი] არის იდეალური კანდიდატი და არის ის კანდიდატი, რომელსაც სამ სიტყვაში დავახასიათებდი - პატრიოტიზმი, პროფესიონალიზმი და გამჭვირვალობა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.