„აშშ შემდგარი დემოკრატიის ქვეყანაა, ამიტომ, ავტომატურად ამერიკული კანონმდებლობის გადმოტანა მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო პროცესს იყენებს რეპრესიების მიზნით, დაუშვებელია“ - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

პარლამენტში დღეს ამერიკული "ფარას" ანალოგით შექმნილი და ბრიტანული მოდელით შემუშავებული მედიასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა იწყება. ინიციატივებზე პირველი მოსმენით კომიტეტებზე იმსჯელებენ.

ინიციატორების განცხადებით, კანონპროექტები ამერიკაში მოქმედი "ფარას" პირდაპირი, სიტყვა-სიტყვით თარგმანია.

დღის წესრიგშია ასევე იმ ცვლილების განხილვაც, რომელიც საჯარო სამსახურში უცხოური წყაროდან სარგებლის მიღების შეზღუდვას ეხება.

ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია - "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ლანა გალდავა აცხადებს, რომ აშშ არის დემოკრატიული ქვეყანა და ავტომატურად ამერიკული კანონის საქართველოზე გადმოტანა არის დაუშვებელი.

"ეს არის აბსოლუტურად სხვა რეალობაში მიღებული კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის გახლდათ მეორე მსოფლიო ომამდე მიღებული და ემსახურებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების დაცვას კომუნისმისგან და ფაშიზმისგან. FARA-ც განიცდის ცვლილებებს, ახლაც კი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დაანონსებული ცვლილებები FARA-ში.

რაც შეეხება თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის არის შემდგარი დემოკრატიის ქვეყანა, ამიტომ ავტომატურად ამერიკული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოში მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება"“ მუდმივად საკანონმდებლო პროცესს იყენებს რეპრესიების მიზნით, არის დაუშვებელი", - აცხადებს ლანა გალდავა.