„არქის“ დამფუძნებელი 6 მილიარდიან ინვესტიციაზე: Emaar-ის შემოსვლა ინვესტორებისთვის ინდიკატორია, რომ საქართველოში მომდევნო წლების განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე ფასები გაიზრდება

ილია წულაია

მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და კარგია, რომ ასეთი პოზიტიური აჟიოტაჟი გამოიწვია ამ თემამ. მართლაც ისტორიული კვირაა ქართული ინვესტიციების ისტორიაში, - განაცხადა კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში Emaar-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო ძალიან ბევრი ინვესტორის ყურადღების ცენტრში მოექცევა.

„ერთი ინვესტორის მიერ ამხელა ინვესტიციაზე გადაწყვეტილების მიღება, რომ შემოვიდეს 6 მილიარდი, არასდროს მომხდარა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. უძრავი ქონების ბაზარს ძალიან წაადგება ეს საკითხი, სხვა საფეხურზე აიყვანს და სხვა ფოკუსირების ქვეშ მოაქცევს. Emaar-ის ლოგოს გატანა საქართველოში, ასიათასობით ინვესტორის ფოკუსის გადმოტანას ნიშნავს საქართველოზე. მე ასე ვიტყოდი - გარდა იმ ინვესტიციებისა, რაც კომპანიამ დააანონსა, რომელიც უზარმაზარი ციფრია, ეს მულტიპლიკატორის როლს ითამაშებს და რამდენიმე ექვს მილიარდს კიდევ მოუტანს ჩვენს ქვეყანას იმით, რომ სხვა მშენებლები, დეველოპერები შეიძლება შემოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში, სხვა ინვესტორებმაც შეიძლება შეიძინონ უძრავი ქონება საქართველოში. სადაც Emaar-ი შევიდა, ყველგან, მომდევნო 2-3 წელიწადში უძრავი ქონების ბაზარზე მოხდა ფასების ზრდა, ფასები გაორმაგდა. Emaar-ის შემოსვლა ინვესტორებისთვის ინდიკატორია, რომ საქართველოში მომდევნო წლების განმავლობაში უძრავ ქონებაში ფასები გაიზრდება და კარგი დროა, რომ შეიძინონ“, - აღნიშნა წულაიამ.