არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტში მონაწილეობით, საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში ევროპის და ევროატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საიმედო მოკავშირეა

თალაკვაძე

სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის თაობაზე არის ისტორიული. ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტში მონაწილეობით, საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში ევროპის და ევროატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საიმედო მოკავშირეა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა.

მისი თქმით, ეს პროექტი აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს და ძლიერ იმპულსს აძლევს ეკონომიკას, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ინვესტიციებზეც.

„ამის პარალელურად, პრემიერ მინისტრის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ახალი ენერგეტიკული პროექტების გაშვება ქვეყანაში და ანაკლიის პორტის მშენებლობის რესტარტი - ხელახლა ინიიცირება.

ევროკავშირთან ენერგიის მიწოდების პროექტის ხელმოწერამ, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა - პასუხი გასცა ჩვენი ოპონენტების დაუფარავ აგრესიას და უსაფუძვლო კრიტიკას. მეტიც - შეიძლება უკვე ითქვას, რომ ოპონენტების ეს პოლიტიკური თავდასხმები საქართველოზე და ჩვენს ხელისუფლებაზე, მიმართული იყო სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის და ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, გამოცანად არავისთვის რჩება, თუ ვის ინტერესებში შედიოდა საქართველოს რეპუტაციის დაზიანება და ანტიევროპულად წარმოჩინება. ოპოზიციას მოუწევს თავი იმართლოს ამის გამო. საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი“, - წერს თალაკვაძე.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.