არჩილ გორდულაძე საკანონმდებლო პაკეტის განხილვაზე: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ იქნება აკრძალული, არც შეზღუდული და ზღვარი გაივლის იქ, სადაც გადის გერმანიაში

არჩილ გორდულაძე

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ იქნება აკრძალული, არც შეზღუდული და ზღვარი გაივლის იქ, სადაც გადის გერმანიაში, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, პირები, რომლებიც ექსტრემისტული მიზნებისთვის ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას, როგორც კონსტიტუციური ორგანოები, ამავდროულად სხვას მოუწოდებენ, რომ მასობრივად დაარღვიონ კანონმდებლობა, რაც თავის მხრივ მიმართულია სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ან საფრთხეს ქმნის ასეთი წყობილების მიმართ, ეს იქნება დანაშაული.

„მაგალითად, დავუშვათ არ არსებობს საქართველოს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია თუ ზოგადად კონსტიტუციური ორგანოები, არ არსებობს კანონი და გყავს ოკუპანტების მიერ ხელდასმული ხელისუფლება და გარედან მართული პირები, არ არსებობს ქვეყნის სუვერენიტეტი და ყველას ყველაფრის გაკეთების უფლება აქვს, ეს ხდება დანაშაული. არა ერთეული განცხადება, არამედ ინტენსიურად და საჯაროდ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

დღეს საკანონმდებლო ორგანო იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს.